მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩაკეტილი წრე" - ბიზნეს ასოციაციის შეფასება გაზრდილ ინფლაციასა და ეროვნული ბანკის ნაბიჯებზე

5dc046de60bdd
დავით ჯალაღონია
05.11.19 09:45
1164
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაციის "სანუგეშო მაჩვენებლები არ გვექნება" -  ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსში"  საქსტატის ახალ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9% შეადგინა.

"მთავარი ფაქტორი, რამაც ინფლაცია გამოიწვია, არის ის, რომ ჩვენ მაინც მცირე, დოლარიზებული ეკონომიკა ვართ, რომელიც დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე და შესაბამისად, კურსის ვარდნა ამის ფასებში ასახვას იწვევს. ბუნებრივია, ეს სრულად ჯერ კიდევ არ არის ასახული, ეს პროცესია. ანუ სამწუხაროდ, წლის ბოლომდე ინფლაციის სანუგაშო მონაცემები არ გვექნება", – განაცხადა ვეფხვაძემ.

რაც შეეხება ინფლაციის მართვის პროცესში ეროვნული ბანკის როლს, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მას გასულ პერიოდში სებ-თან შენიშვნები ჰქონდა, ახლა კი, გარკვეულ ნაბიჯებს ხედავს, რაც მისთვის სტაბილურობის განცდის საფუძველია.

"გარკვეული პერიოდის წინ მქონდა პრეტენზიები და ეს ვთქვი კიდეც. ეს ეხება იმას, რომ თავის დროზე ვერ მოხდა დროული ჩარევა იმ პროცესებში, რომელიც ლარის კურსის ცვლილებას უკავშირდებოდა – არ მოხდა მოლოდინებსა და სპეკულაციურ განწყობებეზე მყისიერად ზემოქმედება იმ ინტერვენციებით, რომელიც დროულად უნდა განხორციელებულიყო, თუმცა დღეს უფრო აქტიურ კომუნიკაციას ვხედავთ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის და იმას, რომ ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება, ნელ–ნელა სტაბილურობის განცდას გვაძლევს.

თუმცა მონეტარული პოლიტიკის ის გადაწყვეტილებები, რომელიც განაკვეთებს ზრდის, ეს თავის მხრივ, ეკონომიკას ურტყამს ანუ სამწუხაროდ, ჩაკეტილ წრეზე დავდივართ. ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენი მონეტარული პოლიტიკა ახლა არის გამოსავალი იმისთვის, რომ აიწიოს საპროცენტო განაკვეთებმა, ეს განაკვეთები მოხმარებას ურტყამს, რაც თავის მხრივ – ბიზნესს, რომელიც ეკონომიკას და დამატებულ ღირებულებას ქმნის ამ ქვეყანაში, შესაბამისად, თუ მოხმარება დაეცემა, ეს ბიზნესზე ნეგატიურად აისახება", – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაცია 7.2%–ს მიაღწევს.