მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩამოვცდით დოლარის კურსის ფსიქოლოგიურ ნიშნულს (3 ლარს), რამაც გამყარების მოლოდინი გააჩინა"

62062fbc4cec1
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.22 20:44
4675
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რომ გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება, მათ შორის ბაზარზე შექმნილ მოლოდინებს უკავშირდებოდა, რაც კურსის 3 ლარის ნიშნულზე ქვემოთ ჩამოსვლით იყო განპირობებული. თუმცა, მესტვირიშვილი ამბობს, რომ სებ-ი კურსის ასეთ მოკლევადიან მერყეობებთან მიმართებით განმარტებას არ აკეთებს. მისი თქმით, კურსის პროგნოზის სირთულეზე მეტყველებს ორი განსხვავებული შეფასება ქართული საინვესტიციო ბანკის მხრიდან, როდესაც ერთი გაუფასურებას, მეორე კი გამყარებას პროგნოზირებს. 

"ჩვენ ვერიდებით ამაზე კომენტირებას. თუმცა, უფრო გრძელვადიან ჭრილში რომ შევხედოთ სავალუტო ბაზარს, 2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო, ჩვენ ტურიზმიდან დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის სავალუტო შემოსავალი დავკარგეთ. სხვა წყაროების გათვალისწინებით დანაკლისი იყო 1.5-2 მილიარდი დოლარი. შედეგად კურსი გაუფასურდა. 2021 წლის ზაფხულიდან დაწყებული კურსს ჰქონდა გამყარების ტენდენცია, რაც ტურიზმის შედარებით აღდგენას უკავშირდებოდა. მოკლევადიანი მერყეობების ახსნა საკმაოდ რთულია, როგორც ყველა ცენტრალური ბანკი, ჩვენც ვერიდებით ამაზე საუბარს.

მოვისმინეთ ორი სხვადასხვა შეფასება თქვენს ეთერშიც, რომ ერთ საინვესტიციო ბანკს გამყარების მოლოდინი აქვს, მეორეს გაუფასურების პროგნოზი. ესეც მეტყველებს, რომ მოკლევადიან პერიოდში კურსის პროგნოზირება შეუძლებელია.

მართალია ჩვენთან კურსი მერყევია, მაგრამ ჩვენი განვითარების დონის სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო მერყევია. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება არ ვაკვირდებოდეთ ყოველდღე რუბლის მერყეობას, მაგრამ პროცენტებს თუ შევხედავთ, იქ უფრო მაღალი მერყეობა აქვს კურსს, თურქეთზე აღარ მაქვს საუბარი.

თუნდაც ჩვენზე უფრო განვითარებული ბაზრები, მაგალითად ბრიტანული ფუნტი რომ აიღოთ, იქაც მაღალი მერყეობაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს სტაბილური, ეს არ ნიშნავს რომ კურსი მოკლევადიან პერიოდში არ იქნება მერყევი.

ჩამოვცდით კურსის ფსიქოლოგიურ ზღვარს 3 ლარს, რამაც კიდევ უფრო გამყარების მოლოდინები გააჩინა. 3.30-დან 3.10-ზე რომ ჩამოვედით, ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოლოდინები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია,"- ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.

ცნობისთვის, 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.38 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9506 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3622 ლარი გახდა.