მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩიკორმა" FSSC 22000 სერტიფიცირების პირველი წელი წარმატებით დაასრულა

601ea4241228b
BM.GE
05.02.21 16:15
522
ჩირის ბრენდ ჩიკორის მწარმოებელმა კომპანიამ, შპს “ქარელის ხილმა”, FSSC 22000 სერტიფიცირების პირველი წელი წარმატებით დაასრულა.

„ქარელის ხილი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც სურსათის უვნებლობის სტანდარტის, FSSC 22000-ის, განახლებული, V5 ვერსია დანერგა. სქემის დანერგვა ავტორიზებული აუდიტორის – LLOYD REGISTER -ის მიერ მოხდა. აღნიშნული სისტემის დანერგვის შემდეგ კომპანიაში სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწა.

ქარელის ხილი/ჩიკორი ISO 22000 სტანდარტის ფარგლებში 2017 წლიდან ოპერირებს. მთავარი, რაც FSSC 22000 სქემის დანერგვის შემდეგ შეიცვალა და დაიხვეწა, სურსათის ფალსიფიკაციის პრევენციისა და უვნებლობის განახლებული სისტემაა.

“ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტი ახლა უფრო დაცულია ფალსიფიკაციისა და გაყალბებისგან. გარდა ამისა, გამკცარდა კონტროლი სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე. დაემატა მეტი მოთხოვნა სურსათის ჰიგიენის მიმართულებით. პროდუქტი ფიზიკურ საფრთხეზე შეფუთვის ყველა ეტაპზე მოწმდება.
ბოლო აუდიტმა, რომელიც 2021 წლის იანვარში ჩატარდა, გვაჩვენა ის, რომ სისტემა სრულად გამართულია. არცერთი შეუსაბამობა აღმოჩენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა კომპანიისთვის. როგორც წესი, კომპანიების უმეტესობას 1-2 უმნიშვნელო შეუსაბამობა მაინც აღმოაჩნდება ხოლმე. ეს ყველაფერი კი, ჩვენს შემთხვევაში, სისტემის გამართულობას ცხადყოფს.

FSSC 22000 სქემა, სხვა ადგილობრივ კომპანიებთან შედარებით, საექსპორტო ბაზარზე ჩვენს უპირატესობას განსაზღვრავს. ეს სქემა საერთაშორისოდ აღიარებულია და, შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე ჩიკორის პროდუქტისთვის გზა ხსნილია. ეს სტანდარტი განსაზღვრავს პროდუქტის უვნებლობას. ასევე, სქემა თავის თავში მოიცავს ISO 9001 სისტემის გარკვეულ მოთხოვნების ნაწილს.

მომავალში კომპანია აპირებს ქოშერის სტანდარტის დანერგვას, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს იმ საექსპორტო პარტნიორებთან, როგორიც, მაგალითად, არის ისრაელი, აშშ და სხვ.” – ამბობენ ჩიკორში.

ჩიკორის ჩირი ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა. ამავე წლის მეორე ნახევრიდან კი უკვე ექსპორტზე გავიდა. ამ დროისთვის „ქარელის ხილის“ პროდუქცია გადის იაპონიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და გერმანიაში. 2019 წლის ბოლოს ჩიკორი Lidl-ის ქსელში შევიდა. “ქარელის ხილის” წარმოებული პროდუქტები ლიეტუვას მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. უახლოეს მომავალში პროდუქციის ექსპორტირება დიდ ბრიტანეთშიც იგეგმება.

ჩიკორი საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანიაა.