05.აგვისტო .2022 21:28

"ჩინეთში ერთი ბოთლი ღვინის ტრანსპორტირება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თავად ღვინო" - “შატო სვანიძე”

"ჩინეთში ერთი ბოთლი ღვინის ტრანსპორტირება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თავად ღვინო" - “შატო სვანიძე”
views 2085
უკან

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების რეიტინგი შეიცვალა - პოლონეთი საქართველოსთვის ღვინის უმსხვილეს ბაზრებს შორის მეორე ადგილზეა. 2022 წლის 6 თვეში ექსპორტზე 99.8 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, კლება წლიურ ჭრილში მხოლოდ 4.2%-ია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ბაზარზე უფრო მკვეთრ კლებას პროგნოზირებდნენ.

“შატო სვანიძეს” დამფუძნებელი, BMG-სთან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო გაძვირებულ ლოგისტიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩინეთის ბაზარი ღვინის კომპანიებისთვის საინტერესო აღარ არის, რადგან ტრანსპორტირება ღვინის ერთ ბოთლზე ძვირი ჯდება.

“თქვენ იცით, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ღვინის სექტორს ძალიან უჭირს. უკრაინის ბაზარი ჩვენთვის დაკეტილია, რუსეთის ბაზარიც თითქმის დაკეტილია, ჩინეთში კი, ერთი ბოთლი ღვინის გაგზავნა და ტრანსპორტირება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თვითონ ბოთლი ღვინო, ამიტომ ეს ბაზარიც აღარ არის სასურველი. ჩინეთის ლოგისტიკა, თითქმის 8-ჯერ და 10-ჯერაც კია გაზრდილი, წარმოუდგენელი ფასებია, ამიტომ ფაქტობრივად ტრანსპორტირებას აღარავინ ახდენს, შეიძლება ძალიან მცირე პარტია იყოს დარჩენილი", - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთი იყო, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 57.9% მოდის. ამ ბაზარზე 57.8 მლნ დოლარის ღვინო გაიყიდა. მეორე ადგილზე პოლონეთია, სადაც 7.47 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. ზრდა წლიურ ჭრილში 26%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის მოცულობა 1.5 მლნ დოლარით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთი მეოთხედან მეორე ადგილზე გადავიდა და გასული წლის 6 თვის სტატისტიკის მიხედვით, უკრაინის ადგილი დაიკავა. სარეალიზაციო ქვეყნების სამეულში 7.2 მლნ დოლარის მოცულობის ექსპორტით ჩინეთია.

ღვინის საექსპორტო ბაზრები, სადაც ექსპორტი $1 მლნ-ს აღემატება / 2022 წლის 6 თვე /

1. რუსეთი - 57.8 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 59.72 მლნ დოლარი);
2. პოლონეთი - 7.5 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 5.93 მლნ დოლარი);
3. ჩინეთი - 7.2 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 7.49 მლნ დოლარი);
4. ყაზახეთი - 4.2 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 4.29 მლნ დოლარი);
5. უკრაინა - 3.4 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 10.2 მლნ დოლარი);
6. აშშ- 2.6 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 2.22 მლნ დოლარი);
7. ლატვია - 2.4 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 2.13 მლნ დოლარი);
8. ბელარუსი - 2.2 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 2.2 მლნ დოლარი);
9. გერმანია - 1.9 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 1.52 მლნ დოლარი);
10. ლიეტუვა - 1.2 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 1.23 მლნ დოლარი);
11. ესტონეთი - 1.2 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 0.85 მლნ დოლარი).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა