მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინეთში მიმდინარე მოვლენებს უნდა მივაქციოთ ყურადღება" - საქართველოს ფოსტის გენდირექტორი

6028e633aa411
თამთა ჯიჯავაძე
14.02.21 18:00
3203
არის თუ არა პანდემიის პერიოდი საუკეთესო დრო საქართველოს ფოსტის აქტივის გასაყიდად? - გიორგი ისაკაძის ამ შეკითხვას საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ Forbes Talks-ში უპასუხა.

„უფრო მეტად მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს მსოფლიოში, ვიდრე პანდემია. რა თქმა უნდა, პანდემიას ჰქონდა და აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. გავლენა აქვს დღესაც. თუმცა, [პანდემიამ] შეიძლება გაზარდოს კიდეც ღირებულება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ელექტრონული კომერცია გაიზარდა“, - აღნიშნა ჩიკვაიძემ.

მან ისაუბრა ჩინეთსა და სინგაპურში მიმდინარე მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ აზიაში არსებული ვითარება საქართველომ სათავისოდ უნდა გამოიყენოს.

„ჩინეთის ფოსტას დღეს ყველაზე დიდი კონსოლიდატორი აღარ აწვდის ელექტრონული კომერციით მიღებულ პროდუქციას დანარჩენ მსოფლიოში გასანაწილებლად. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე როდის დასრულდება პანდემია. იქ არის მილიარდებზე საუბარი და იქ არის უამრავი კერძო კომპანია, ვინც ჩინეთის ფოსტის ნაცვლად აწყობს ლოგისტიკურ ქსელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს უფრო საინტერესო პროცესია. აქ უნდა მოვხვდეთ, გამოვიყენოთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, მარტო ის არ გვიშველის რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. აქ უნდა ბევრი მუშაობა იმას, რომ იყოს შესაბამისი ფრენები, იყოს შესაბამისი სახმელეთო მიმართულებები“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლოქდაუნის დროს საქართველოს ფოსტასაც მოუწია საჰაერო გზები სახმელეთო გზებით ჩაენაცვლებინა.

„დიდი ხნის განმალობაში, Turkish Airlines-ის მხოლოდ ერთი რეისი იყო და მუხედავად ამისა, ჩვენ გრაფიკული მონაცემები გვქონდა წარმოდგენილი, როგორი გაიზარდა ქვეყნიდან გარეთ გამავალი გზავნილები. ეს შევძელით ახალი სახმელეთო გზების შექმნით. ეს ლოგისტიკური გზებია გასავითარებელი. ისეთ მოვლენებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორც მე ჩინეთში აგიღწერეთ, სინგაპურშიც იგივეს შეიძლება ველოდოთ“, - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ეტაპობრივი გასხვისების კუთხით ინტერესები როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე უკვე გამოიკვეთა, თუმცა ის არ აკონკრეტებს რა ნაწილის გასხვისდება პირველ ეტაპზე.