მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირინას" დამფუძნებლის ინფორმაციით, ქათმის და კვერცხის მწარმოებელი ფერმები იხურება

624d2f374e3b2
თათია ჩაფიჩაძე
06.04.22 19:50
8431
კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქათმის ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი ფერმები იხურება როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში. რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ქათმის საკვებ ძირითად პროდუქტებზე ფასები ომის გამო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რისი ასახვა ნაწილობრივ უკვე მოხდა, გაძვირების მომდევნო ტალღა კი სავარაუდოდოდ აღდგომის შემდეგ დაიწყება.

„კიდევ ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ პორტები რაც აქვს უკრაინას, ყველა დაბლოკილია და მიწოდება არ ხდება. რუსეთში სანქციებია, ეს დიდ გავლენას ახდენს ქათმის პროდუქციის წარმოებაზე.

ყველაზე დიდი პრობლემა მაინც გაურკვევლობაა, არ ვიცით, რა იქნება ამ თვის ბოლოს, წლის ბოლოს, ეს ძლიერი ფაქტორია ფასის წარმოქმნაში. ფაქტიურად, ეს იწვევს იმას, რომ ბევრი მწარმოებელი გაჩერდა, მათ შორის უკრაინაში, რუსეთში, თურქეთშიც რამდენიმე დიდი კომპანია, აზერბაიჯანში მძიმე სიტუაციაა. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ ინფლაციური პროცესები საკმაოდ მაღალია, ეს სრულ გაურკვევლობას ქმნის.

დღეს არის აპრილი, მე ვერ გეტყვით წლის ბოლოს სად და როგორ ვიქნები. შეიძლება თუ არა საწარმო გაჩერდეს? გეტყვით რომ კი. რატომ? იმიტომ, რომ შეიძლება ფასები ისე გაიზარდოს, რომ წარმოებული პროდუქციის მყიდველი აღარავინ იყოს.

მე მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ ფასების მატება ხდება იმიტომ, რომ მწარმოებელი უნდა დაეწიოს ხორბლის და სიმინდის ფასების ზრდას. ჩვენც მოგვიწევს ფასების ზრდა, რასაც არ მივესალმებით. ეს იქნება ალბათ აღდგომის შემდეგ. თუმცა თუ საომარი მოქმედებები დამთავრდება და პორტებზე ბლოკადა მოიხსნება, უფრო გაირკვევა სიტუაცია. თუ ვერ შევიძინეთ მზესუმზირა, ხორბალი  - შეიძლება გავაჩეროთ“- აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.