მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ ერთი ხაზით ვართ დაკავშირებული რუსეთთანაც და თურქეთთანაც" - მარიამ ჩახვაშვილი ელექტროენერგიის იმპორტზე

60524111aaed9
თამთა ჯიჯავაძე
17.03.21 23:40
864
Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ გუშინ საქართველოს მასშტაბით აბონენტთა უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებსა და გამოსავლის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და თავის მხრივ იმპორტი რომელიმე ქვეყნიდან მხოლოდ ერთი ხაზით ხორციელდება, ყოველთვის არსებობს მსგავსი რისკები. 

„ჩვენ ერთი ხაზით ვართ დაკავშირებული რუსეთთანაც და თურქეთთანაც. მხოლოდ აზერბაიჯანთან გვაქვს ორი ხაზი. რისკი იმის, რომ ერთ-ერთი ხაზი გაითიშება, ყოველთვის არსებობს. ამიტომ სისტემა მუდმივად უნდა იყოს მზად ამისთვის. თუმცა, როცა იმპორტის ამხელა მოცულობებზეა ქვეყანა გადასული, რისკების დივერსიფიკაცია უკვე რთულია“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა. აღსანიშნავია, რომ გუშინ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გათიშვის დროს, საქართველო ელექტროენერგიის 60%-ზე მეტს იმპორტის საშუალებით იღებდა.

ანალიტიკოსის თქმით, მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შეიძლება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებეული უფრო მეტი ხაზის აშენებით.

„როგორც ქვეყნის მოქალაქეს კი, მირჩევნია რომ არ ვიყო იმპორტზე დამოკიდებული და გვქონდეს ადგილობრივი რესურსი, რათა იმპორტისგან თავის დაცვის მექანიზმად ადგილობრივი გენერაციის წყაროები გვქონდეს. ზოგადად ენგურჰესის გათიშვამ აჩვენა რამდენად დამოკიდებული ვიყავით ამ სადგურზე და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ასეთი დიდი სადგურები გვქონდეს ქვეყანაში“, - დასძინა Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

მისივე თქმით, ენგურჰესის გენერაცია ქვეყნის მოხმარების 30%-ს შეადგენდა, მისი რეაბილიტაციის მიზნით გაჩერება კი სერიოზული დარტყმაა. ჩახვაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მსგავსი დიდი სადგურები რომ იყოს, მათი რეაბილიტაცია ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა.

ხოლო კითვაზე, თუ რა რისკებს ქმნის ელექტროენერგიის იმპორტი, ჩახვაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყნის ეკონომიკიდან გადინებული ფული.

„მხოლოდ შარშან $65 მლნ-ის იპორტი განვახორციელეთ, იმის წინ კიდევ უფრო მეტი იყო. წელს კი მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ იყო „ენგურჰესი“ გაჩერებული, $10 მლნ-ის იმპორტი განვახორციელეთ. ეს არის ცალსახად ხარჯი და ამით ქვეყანაში არაფერი არ რჩება. ამას ემატება გაზის იმპორტიც, რაც თბოგენერაციისთვისაა საჭირო“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა და დასძინა, რომ 2021 წლის პირველ ორ თვეში გამოიკვეთა, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით 65%-ით იმპორტზე ვართ დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 32%-ით გაიზარდა და 414 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. იმპორტის ზრდის მთავარი მიზეზი სწორედ ქვეყნის უმსხვილესი ჰესის - ენგურჰესის სარეაბილიტაციოდ გაჩერება იყო.