მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ უნდა დაგვეწყო ეპიდემიის მართვა და არა შეკავება" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

5fc69cd599e88
თამთა ჯიჯავაძე
02.12.20 00:30
798
ჩვენ უნდა დაგვეწყო ეპიდემიის მართვა გაზაფხულიდანვე, და არა შეკავება, რომელიც შეუსრულებელი მისია იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში ხიფათის შეგრძნება მოიშალა, რამაც მოგვცა ის შედეგი, რომ შემოდგომაზე ეპიდვითარების ასეთი მწვავე სახე მივიღეთ.

„ჩვენ მართვა რომ დაგვეწყო, თუნდაც გვქონოდა ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 50, 60 ან 70, სამაგიეროდ არ მოვშლიდით ხიფათის შეგრძნებას საზოგადოებაში, საზოგადოება უფრო ფრთხილი იქნებოდა, მე საზოგადოებას არ ვადანაშაულებ. მთავრობა არის დამნაშავე თავისი ბაქი-ბუქით, რომ ეს ხიფათი საზოგადოებაში მოიშალა.

საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვექნებოდა იმ ტიპის აფეთქება, რომლითაც თითქოს გაზაფხულიდან მოყოლებული ჩვენ სიცოცხლეები დავზოგეთ, სამაგიეროდ დაზოგილი სიცოცხლეები ორმაგად გადავიხადეთ შემოდგომაზე, როდესაც აზერბაიჯანს უკვე გავუსწორდით გარდაცვლილთა რაოდენობით და სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად მივდივართ წინ, რომ სომხეთსაც გადავუსწროთ. თუმცა, ინფიცირებულთა რაოდენობით აზერბაიჯანს დიდი ხანია გავუსწარით, სომხეთსაც გუშინ გავუსწარით.

ეს კიდევ მეტყველებს იმაზე, რომ არ იყო გააზრებული რამდენად გრძელვადიანი იქნებოდა კრიზისი და არ იყო გააზრებული ამ კრიზისის მასშტაბი. სამწუხაროდ, დღესაც მთავრობა ნაჯახით მოქმედებს... ლოქდაუნი, სრული ქაოსი, შემდეგ ისევ ლოქდაუნი, ასე გვათამაშებს, როდესაც თანმიმდევრული პოლიტიკით, როდესაც შეზღუდვები ზომიერია, მას საზოგადოება იგებს და თანმიმდევრულად გრძელვადიანად იცავს, ჩვენ არც ასეთი აფეთქებები გვაქვს და ვუმკლავდებით ეპიდემიას სათანადოდ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, სომხეთში ინფიცირების ჯამური შემთხვევები 135 967-ია, გარდაცვლილთა რაოდენობა 2 193 ადამიანი, ხოლო აზერბაიჯანში ინფიცირების ჯამური შემთხვევები 125 602-ია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1 433. რაც შეეხება საქართველოს, ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა უკვე 139 343-მდე გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 1303-მდე.