მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მიზანია, რომ საპენსიო ფონდის ამონაგები გრძელვადიან ჭრილში აჭარბებდეს ინფლაციას" - დანელია

616b0640d0558
BM.GE
16.10.21 21:02
2026
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ გადაცემა BMG Drive-ის ეთერში საპენსიო ფონდის ამონაგების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საპენსიო სააგენტოს ამოცანაა, რომ დროის გრძელვადიან ჭრილში საპენსიო ფონდის ამონაგები იყოს ინფლაციაზე უფრო მაღალი. თუმცა, დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეიძლება ინფლაცია ამ ამონაგებს აჭარბებდეს კიდეც, მაგრამ გრძელვადიან ჭრილში მიზანია რომ ამონაგები ინფლაციაზე მაღალი იყოს.

მისი თქმით, 2019 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, საპენსიო აქტივების ამონაგები 5%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ამავე პერიოდში არსებული ინფლაცია.

ამჟამად საქართველოში რეკორდულად მაღალი - 12.3%-იანი ინფლაციაა, ხოლო საპენსიო ფონდის ამონაგები კი მასზე დაბალია და 11%-ს შეადგენს.

“ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია ინფლაციას ვაჯობოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. საწყისი დღიდან დღემდე ჩვენი ამონაგები არის, დაახლოებით, 27%, როცა ჯამური ინფლაცია იყო სადღაც 22%-ის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ 5%-იანი რეალური ამონაგები გვაქვს ანუ 5%-ით მეტი გვაქვს ინფლაციაზე.

ბუნებრივია, ინფლაცია მერყევი ცვლადია, შეიძლება რაღაც პერიოდში გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ პერიოდის ბოლოს როცა ბენეფიციარები მიიღებენ დანაზოგს, ამ პერიოდში საინვესტიციო საქმიანობის შედეგად უფრო მეტი უნდა იყოს გენერირებული, ვიდრე მთლიანი ინფლაცია იქნება“, - აცხადებს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დანელია.

მთლიანობაში საპენსიო სისტემაში სულ 1,166,737 მოქალაქე მონაწილეობს და მათ მიერ მიღებული ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ირიცხება. არსებული მდგომარეობით, საპენსიო ფონდის აქტივები 1.77 მილიარდ ლარს აჭარბებს.

საპენსიო დანაზოები ამჟამად 8 კომერციული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანგარიშებზე, ასევე სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე არის განთავსებული. ამ აქტივებს უკანასკნელი მონაცემებით, ჯამში 11%-ის საპროცენტო სარგებელი ერიცხება. სააგენტოს ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ჯერ არ დაუწყია, ამ მიზნით მან 1 ოქტომბერს “საქართველოს ბანკთან” სპეციალიზებული დეპოზიატირს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც მას სხვადასხვა ფასიან ქაღალდში ინვესტირება შეეძლება.