21.აგვისტო .2019 16:51

"ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი" გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ"

views 180
უკან

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი" გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი"-ს კომერციულ დირექტორთან დევიდ ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს დაიწყებს სამი მიმართულებით, აქედან ერთი - თბილისის, ორი კი, ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელდება. „რაინეარი" ავიარეისებს ეტაპობრივად დაამატებს.

„რაინეარის" სახელით გამოვთქვამ სიხარულს და კმაყოფილებას იმის გამო, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართეთ შეხვედრა. თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა საქართველოდან 3 მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება - თბილისიდან - მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში და ძალიან მახარებს, რომ ამ სამ მიმართულებას სულ მალე კიდევ ერთს თბილისიდან- კიოლნის ავიარეისს დავამატებთ მომავალი ზაფხულიდან", -განაცხადა დევიდ ო'ბრაიენმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო ჩვენმა თანამოქალაქეებმა კი ყველაზე იაფად იმოგზაურონ ევროპაში.

„მინდა ყველას მივულოცო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია „რაინეარი", ეს გიგანტი კომპანია შემოვა საქართველოში. „რაინეარი არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანია ევროპაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ხედვისა, რომ სწორედ საქართველო უნდა გადავაქციოთ ჩვენი რეგიონისთვის ბიზნესის ცენტრად და „რაინეარის", ასეთი მასშტაბური ბრენდის შემოსვლა საქართველოში არის მართლაც ღირსშესანიშნავი. მსურს, მადლობა გადავუხადო „რაინეარს", მის ხელმძღვანელობას, ჩვენს გუნდს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრსა და „რაინეარი"-ს კომერციულ დირექტორს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა