მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ვებპლატფორმა ბავშვებს კომიქსების პერსონაჟებად აქცევს" - რაჭული სტარტაპის გეგმები

627b675742580
მარიამ იზორია
15.05.22 14:05
867
ამბროლაურელმა მე-11 კლასის მოსწავლეებმა GITA-ს მიერ საპილოტე რეგიონებში გამოცხადებული 30 000 ლარიანი გრანტი მოიპოვეს და სტარტაპი Comicsland-ი დააფუძნეს. სტარტაპი მიღებული გრანტით ვებპლატფორმის შექმნას გეგმავს, სადაც შაბლონური ილუსტრაციებით კომიქსების შექმნა იქნება შესაძლებელი, ამასთან მსურველს შაბლონური დიალოგების შეცვლა და საბოლოოდ მისივე გემოვნებით კომიქსების აწყობაც შეეძლება.

Comicsland-ის დამფუძნებლები ოთარ დონაძე და თამარ მუსერიძე bm.ge-სთან აღნიშნავენ, რომ პლატფორმაზე მუშაობას დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებენ, ამ დროისთვის კი პირველ კომიქსს ქმნიან.

„ჩვენი ვებპლატფორმა ბავშვებს კომიქსების პერსონაჟებად აქცევს. მსურველს შეეძლება ვებგვერდზე შემოვიდეს, მოცემული შაბლონის მიხედვით ააწყოს კომიქსი და აწყობილი ვერსია ბავშვის ფოტოსთან ერთად გამოაგზავნოს. შემდგომ ჩვენ უკვე ბავშვს კომიქსში ჩავსვამთ და დამკვეთს ამობეჭდილი სახით გავუგზავნით.

ამ ეტაპზე დეველოპერებითა და გრაფიკული დიზაინერებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. GITA-ს გრანტით მიღებული თანხით ვებპლატფორმაზე მუშაობას დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებთ. პროდუქტი საბოლოოდ ისეთი იქნება, რომ საერთაშორისო ბაზრის მოცვასაც შეძლებს. თითო კომიქსის შექმნას 5-10 წუთამდე დასჭირდება და თავიდან მსურველს მასში სამამდე პერსონაჟის ჩასმის შესაძლებლობა ექნება. რაც შეეხება სტარტაპის ბიზნესის ნაწილს, ჩვენი შემოსავალი კომიქსების გაყიდვიდან მიღებული თანხა იქნება, ფასი კი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად უნიკალურია ისტორია“, - ამბობენ Comicsland-ის დამფუძნებლები.