მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენს ბიზნესზე ომის გავლენა გაცილებით მძიმეა, ვიდრე პანდემიის" – "ნოვა"

6295cf3d4ade5
თათია ჩაფიჩაძე
04.06.22 18:30
1040
სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანია „ნოვაში“ აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ლოგისტიკური პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა რაც მარაგების დეფიციტს წარმოშობს. კომპანიის დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი აცხადებს, რომ მარაგების დეფიციტის გამო გაძვირდა ნედლეულიც რაც საფასო პოლიტიკის მიმართულებით არასტაბილურ გარემოს ქმნის.

„პანდემიის შოკი არ იყო დასრულებული და დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, რისი გავლენაც საკმაოდ დიდია. მინდა გითხრათ, რომ „ნოვას“ შემთხვევაში ომის გავლენა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო პანდემიის შემთხვევაში. საკმაოდ გართულებულია ლოგისტიკური ნაწილი, გვიწევს ალტერნატიული გზების მოძიება რადგან მოხდა ბევრი გადალაგება. „ნოვა“ არ ყოფილა დამოკიდებული რუსეთზე, ხდებოდა გარკვეული იმპორტი უკრაინიდან, იცით, რომ ჩვენი ბიზნესის ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია მეტალთან, შესაბამისად, ამ ომმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა ამ თვალსაზრისით.

ვფიქრობთ, რომ ძალიან რთული პერიოდი უდგას მსოფლიოს როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს აისახება ჩვენს კომპანიაზე, ბევრი რამ გართულებულია. თითქმის შეუძლებელია სწორად დაგეგმო ლოგისტიკა და მოწოდების ჯაჭვი. მნიშვნელოვანია ფასების ნაწილიც, შეიქმნა გარკვეული მიმართულებით კრიზისი, რამაც გამოიწვია ნედლეულის გაძვირება და რეალურად ბაზარზე არის არასტაბილური საფასო პოლიტიკის პრობლემა.

თუ აქამდე ვანდომებდით შეკვეთას 3 თვეს, ახლა 50%-ით არის გაზრდილი ეს დრო ეს იწვევს მარაგების დეფიციტს და მოქმედებს ბიზნესზე. მოსალოდნელია, რომ ეს ციკლი ასეთ შენარჩუნდება“ - განაცხადა BMG-თან საუბრისას ხიმშიაშვილმა.

მიმდინარე წლის გეგმებზე საუბრისას „ნოვაში“ აცხადებენ, რომ მთავარი სამიზნე ევროპულ ბაზარზე გასვლაა, რისი შანსიც ბოლო პერიოდში საერთაშორისო კომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესმა გააჩინა.

„ნოვას 2021 წლის ბოლოს ჰქონდა დაგეგმილი სამი ახალი წარმოების გაშვება. გასული წლის ბოლოს დავიწყეთ ეს პროექტი და აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. გარდა ამისა ოთხი ახალი ფილიალიდან ორი გაიხსნა და ორი გაიხსნება რეგიონებში ძალიან მალე, ამ პროექტებში განვახორციელებთ მაგრამ დღეს ახალ ინვესტიციებზე ფიქრისთვის ძალიან რთული პერიოდია.

რაც შეეხება შესაძლებლობას, რომელიც უხეშად რომ ვთქვათ გაჩნდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის უფრო მეტი ინტერესი უცხოური კომპანიების მხრიდან. უცხოურ ბაზარზე გასვლის რეალური შესაძლებლობები არსებობს და „ნოვა“ მუშაობას იმაზე, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა,“ - განაცხადა ხიმშიაშვილმა.