მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენსავით ღარიბ ქვეყანას არ უნდა შევედაროთ, მიზანი შვეიცარია ან აშშ უნდა იყოს"

5e19d90fb774a
ანუკა ჯოხაძე
11.01.20 19:10
2410
"ჩვენსავით ღარიბ ქვეყანას არ უნდა შევედაროთ, მიზანი შვეიცარია ან აშშ უნდა იყოს",- ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა სანდრო რაქვიაშვილმა "საქმიან დილაში" საუბრისას განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილი ამბობს, რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშიანიანის მიერ გამოქვეყნებული პოსტისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიგვენიჭებინა. უფრო მეტიც, მისი განმარტებით, საქართველო არა თავის მსგავსად ღარიბ ქვეყნებს, არამედ განვითარებულ ქვეყნებს უნდა შევადაროთ, რათა დავინახოთ, რეალურად სად ვართ.

"ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, სომხეთიც ღარიბი ქვეყანაა და ოდნავ მეტი იქნება ეს მაჩვენებელი, თუ ნაკლები, არაფერს ცვლის. ისეთ რეალობაში ვართ, რომ რამდენიმე თაობა დაგვჭირდება, რომ ევროპის საშუალო ქვეყანას დავეწიოთ, თუ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ უნდა გვიხაროდეს ერთი ცივილიზებული, მდიდარი მეზობელი მაინც რომ გვყავდეს. იყოს სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი მდიდარი, ჩვენთვის უკეთესია. ამიტომ თუ რომელიმე მეზობელმა უკეთეს ეკონომიკურ ზრდის ტემპებს მიაღწია და უფრო დემოკრატიული გახდა, ჩვენთვის ეს კარგია, ამიტომ ტრაგედიას ვერ ვხედავ, რომ გაგვასწროს სომხეთმა. ეს პირველად არ ხდება, რომ გადავხედოთ ისტორიას, იყო პერიოდები, სადაც სომხეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში.

მეორე საკითხია ის, რომ სომხეთი არ უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი და მიზანი. ჩვენ არ უნდა შევედაროთ ასეთივე ღარიბ ქვეყანას, ჩვენთვის მიზანი უნდა იყოს შვეიცარია, ან ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ ის ქვეყნები, რომელსაც ჩვენ, როგორც ეტალონს, ისე ვუყურებთ", - ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც სომხეთმა მიმდინარე ფასებში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით საქართველოს გაასწრო. ფაშინიანს აღნიშნულის დასამტკიცებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც 2019 წლის მდგომარეობით, მიმდინარე ფასებში, სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე $4,527-ს შეადგენდა, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე კი ამაზე $238 დოლარით ნაკლები, $4,289 იყო. თავდაპირველად ფაშინიანის პოსტში ეწერა, რომ სომხეთმა მშპ-ის დონით აზერბაიჯანსაც გაუსწრო, თუმცა შემდგომში აღნიშნული პოსტი შეასწორა და დაწერა, რომ სომხეთს აზერბაიჯანისთვის 2019 წელს არ გაუსწრია, თუმცა IMF-ის პროგნოზით 2020 წელს გაუსწრებს.

ამავე თემას, ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ამ საკითხზე ექსპერტებისა და პოლიტიკოსების განცხადებები მცდარია, რადგანაც მათში არაა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველომ მშპ-ის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა, აღნიშნული კი ჯერ არაა გათვალისწინებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშებში.