მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენთან ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 63-64 ლარი ღირს" - "გლობალი"

5fcfd1ec3daac
თამთა ჯიჯავაძე
08.12.20 23:37
6820
პურის ფასის შესანარჩუნებლად საქართველოს მთავრობა სუბსიდირების პროგრამას იწყებს. შესაბამისი დადგენილება გამოქვეყნებულია. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში პურის ფასის სტაბილურობისთვის ყოველთვიურად 10,000 ტონამდე ხორბლის სუბსიდირება მოხდება, რაზეც თვეში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. დადგენილება ხორბლის ფქვილის იმპორტიორებსა და მწარმოებლებს განუსაზღვრავს სუბსიდიის ფასს, რაც 50 კილოგრამ ფქვილზე 10 ლარს შეადგენს.

როგორც გადაცემა „საქმის კურსში“ ფქვილის მწარმოებელი კომპანია „გლობალის“ დირექტორმა გვანცა ქიმაძემ განაცხადა, ეს საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ მთლიანად მოხდეს ე.წ სოციალური პურის დასუბსიდირება. – „ამ პროგრამის მთავარი მიზანი არის ის, რომ პურის მწარმოებელთან მივიდეს პურის ფქვილი 53 ლარად. ეს რაოდენობა ამ მიზანს მთლიანად ეყოფა“, - აღნიშნა გვანცა ქიმაძემ.

მისივე თქმით, „გლობალში“ პირველი ხარისხის ფქვილი, 50-კილოიანი ტომარა ღირს 63-64 ლარი, სუბსიდირების პროგრამის მიხედვით კი მათ შეუძლიათ პურის მწარმოებლებს ფქვილი 53 ლარად მიაწოდონ და თავად 10 ლარი სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით აიღონ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, თუკი პროგრამის რომელიმე ბენეფიციარი დაარღვევს ერთი ტომარა ფქვილის მაქსიმუმ 53 ლარად რეალიზაციის ვალდებულებას, მაშინ მას მინიმუმ 50,000 ლარის ჯარიმა დაეკისრება.