08.სექტემბერი .2020 14:49

"ცისკარში" კორონავირუსით ინფიცირებული იმყოფებოდა - რესტორანი დახურვას არ გეგმავს

views 810
უკან

კუს ტბაზე მოქმედი მრავალფუნქციური მწვანე სივრცე „ცისკარი“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც Ciskari Garden-ში კორონავირუსით ინფიცირებული პირის ყოფნას ეხება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რესტორნის დახურვის საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს.

BM.GE რესტორნის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ უკვე გაიგეთ კორონავირუსის შემთხვევის შესახებ, რომელიც ბათუმში მოგზაურობის მქონე პირს 7 სექტემბერს დაუდასტუდა. ეს ადამიანი 4 სექტემბერს იმყოფებოდა Ciskari Garden-ის სივრცეში მუსიკალურ საღამოზე. პირველ რიგში, გვინდა ამ ადამიანს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან და ყველა პროცედურისა და პროტოკოლის დაცვით ვმოქმედებთ. საბედნიროდ, ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადგენილია ყველა კონტაქტი, Ciskari Garden-ის არცერთი თანამშრომელი არ არის განსაზღვრული ახლო კონტაქტად. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, არ არსებობს განსაკუთრებული შიშისა და შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან Ciskari Garden სრულად ღია სივრცეა, სადაც ნაკლებია შანსი ვირუსის გადაცემის.

ასევე, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ცისკარი და Ciskari Garden ორი დამოუკიდებელი სივრცეა, განსხვავებული კონცეფციითა და განსხვავებული პერსონალით. ცისკარის სტუმრები არ არიან რაიმე საფრთხის ქვეშ და ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი რესტორნის მუშაობის შეფერხების“, - ნათქვამია რესტორნის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.