23.იანვარი .2021 22:45

"ცივი ჯაჭვის" სირთულეების გამო, მთავრობა Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინის მხოლოდ 200,000 დოზას შეიძენს

"ცივი ჯაჭვის" სირთულეების გამო, მთავრობა Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინის მხოლოდ 200,000 დოზას შეიძენს
views 4833
უკან

საქართველო წელს არ შეიძენს 200,000 დოზაზე მეტ Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებს, რისი მიზეზიც ამ ვაქცინების შენახვისთვის საჭირო "ცივი ჯაჭვის" სირთულეებია. ამის შესახებ COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგიიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი ნაწილის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით უნდა განხორციელდეს.

ეროვნულ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ Pfizer-ის ვაქცინის შენახვისთვის საჭირო მინუს 80 გრადუსი, ხოლო Moderna-ს შენახვისთვის საჭირო მინუს 20 გრადუსი ლოჯისტიკურ სირთულეებს წარმოშობს, ამიტომაც უპირატესობა მიენიჭება AstraZeneca-ს ვაქცინას, რომელიც 2-8 გრადუსის პირობებში ინახება. AstraZeneca-ს  ვაქცინის შემოტანა მეორე კვარტალში უნდა მოხდეს, იქამდე კი მოქალაქეები Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინით აიცრებიან.

“ლოჯისტიკური სირთულეების გამო, Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გამოყენება, ისევე როგორც Moderna-სი ძირითადად პროგრამის დაწყების პირველ ეტაპზეა განხილული. ამავე დროს, ორივე ვაქცინის შესაძლო მაქსიმალური დოზების რაოდენობა განისაზღვრა მხოლოდ მოსახლეობის პირველი 3%-ის, ანუ პრიორიტეტული ჯგუფების (ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბინადარნი და მომსახურე პერსონალი და 75 ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის, 200,000 დოზა) მოცვისთვის. 2021 წლის მეორე კვარტალიდან სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება 2-8C-ის ტემპერატურული რეჟიმის მქონე ვაქცინების მიღება, რომელთა მიმართ საქართველოს სამაცივრო, ცივი ჯაჭვის და სხვა ლოგისტიკური სისტემები სრულად არის ადაპტირებული,”- ნათქვამია COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგიაში.

2021 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა მოსახლეობის 60%-ის აცრას განიხილავს. 

ვაქცინაციის ეროვნულ სტრატეგიაში განხილულია 4 სცენარი, რომლითაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უნდა წარიმართოს. ოთხივე სცენარის მიხედვით, ვაქცინების ძირითად მომწოდებლად AstraZeneca განიხილება, ხოლო Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები 200,000 დოზას არ გადააჭარბებს.

4 სცენარი, რომელსაც ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს



"1. სცენარი : ქვეყანაში შემოდის Pfizer/BioNTech ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს ვაქცინის 1,484,400 დოზა და დამატებით ქვეყანას კიდევ შემოაქვს ვაქცინის დოზების ის რაოდენობა, რაც >18 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი; ანუ სულ ქვეყანაში შემოდის 3,979,327 დოზა ვაქცინა.
2. სცენარი: ქვეყანას შემოაქვს Moderna-ს ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით ვაქცინის დოზების ის რაოდენობა რაც მოზრდილი მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).
3. სცენარი: ქვეყანაში შემოდის ნებისმიერი 2-80 ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის 200,000 დოზა , COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით სხვა წყაროებიდან კიდევ AstraZeneca-ს ვაქცინა (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).
4. სცენარი: ქვეყანაში შემოდის მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინა მთლიანად ყველა პრიორიტეტული ჯგუფის და მოსახლეობის დამატებითი ჯგუფების მოსაცავად (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).

მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოსაცავად და ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით, სულ საჭიროა 3,979,327 დოზა (ერთი მოქალაქე 2 დოზას იკეთებს). დღეის მდგომარეობით, საქართველოს COVAX-ის პლატფორმიდან 2021 წლისთვის გარანტირებული აქვს 1,484,400 ვაქცინის დოზა, მიუხედავად ამისა, ფინანსური რესურსი დაითვალა 3,979,327 დოზა ვაქცინისთვის, იმ დაშვებით, რომ ქვეყანა შეძლებს დამატებით 2,494,927 დოზის შემოტანას ალტერნატიული წყაროებიდან,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

განსხვავებულია თითოეული ვაქცინის მოწოდების ღირებულებაც. ეროვნული სტრატეგიის თანახმად, მწარმოებლების მიხედვით ფასები ასე ნაწილდება:

1) AstraZeneca - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $3-დან $7.5 მდე მერყეობს;
2) Pfizer/BioNtech - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $18.34-დან $19.50 მდე მერყეობს;
3) Moderna - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $25-დან $34.50 მდე მერყეობს;

ვის ჩაუტარდება ვაქცინაცია:

•ჯანდაცვის სექტორის მუშაკები - სამიზნე - 71 415, მოცვა - 60%, მოცვა - 46 420;
•ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიცირები და პერსონალი - 2 600, 60%, 1 560;
•>75 ასაკის პირები - 226 800, 60%, 136 080;
•65-74 ასაკის პირები - 329 183, 60%, 197 510;
•ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები - 180 373, 60%, 108 224;
•55-64 წლის ასაკის პირები - 478 400, 60%, 287 040;
•18-54 ქრონიკური დაავადების მქონე პირები - 89 400, 60%, 53 640;

მოსახლეობის სხვა ჯგუფები: 1 434 567, მოცვა 60%, 860 740 პირი.
სულ ჯამში - 1 691 214 პირი. 

ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, მოსახლეობის 60%-ის მოცვისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ასეთია:

როგორც ცხრილიდან ჩანს, მთლიანი ფინანსური საჭიროების 72% დან – 89%-მდე ვაქცინების შესყიდვაზე მოდის. სერვისების მიწოდება რიგით მეორე ყველაზე დიდი ფინანსური კომპონენტია, რომლის წილი მთლიან ბიუჯეტში 6% დან -13%-ს შეადგენს.

"COVID19 ვაქცინაციის ეტაპობრივი განვითარება, ასევე, ითვალისწინებს ვაქცინების მოწოდების პირველ ეტაპზე უფრო კომპლექსური ვაქცინების, რომელთაც რთული ცივი ჯაჭვის მოთხოვნები გააჩნიათ (-70 – 20C) გამოყენების შესაძლებლობას, თუ ქვეყანა ამგვარი არჩევანის წინაშე დადგა. დაგეგმვის მიზნით, განისაზღვრა, რომ ამგვარი ვაქცინის ოდენობა არ გადააჭარბებს დოზების იმ რაოდენობას, რაც მოზრდილი მოსახლეობის 3%-ის მოსაცავად არის საჭირო, ანუ ≈200,000 დოზას. ამიტომ, პირველ ეტაპზე, მოხდება მხოლოდ პრიორიტეტული ჯგუფების (ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბინადარნი და მომსახურე პერსონალი და 75 ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის) აცრა.

Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში ვაქცინა განაწილდება სამი საწყობიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ყოველკვირეულად და მიეწოდება რაიონულ ცენტრებში შერჩეულ ერთ (გამონაკლის შემთხვევებში მაქსიმუმ ორ) ჰოსპიტალურ დაწესებულებას. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება (ა) ვაქცინის შეფუთვის სპეციფიკას ანუ ყუთში არის 5-დოზიანი 195 ფლაკონი ანუ სულ 975 დოზა, რომლის (ბ) -800C-დან გალღობის შემდეგ მისი გამოყენება მაქსიმუმ 5 დღის მანძილზე შეიძლება . ამიტომ ამცრელი წერტილები მომარაგდება ყოველკვირეულად და ცალკეულ წერტილს მიეწოდება 975 დოზის ჯერადი მოცულობები (ან გადაიფუთება უფრო მცირე დოზებად), რაც დაწესებულების წინაშე აყენებს ამოცანას რომ დღეში მიღებული დოზების შესაბამისი რაოდენობის ადამიანი აცრას. სრული შეფუთვის მიღების შემთხვევაში, დაწესებულებამ მინიმუმ 230-240 ადამიანი უნდა აცრას და ამისთვის საჭირო იქნება ცალკეულ დაწესებულებაში 6-7 ამცრელი ბრიგადის მუშაობა. ამ ამცრელ წერტილებზე მოხდება ასაცრელი კონტინგენტის გეგმაზომიერი მობილიზება-მოზიდვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, საზ. ჯანდაცვის ხელმძღვანელის და მუნიციპალიტეტში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით. ცალკეული მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს ასაცრელი კონტინგენტის აცრის კალენდარულ გრაფიკს და კონტიგენტის მოსაზიდად საჭირო ღონისძიებებს. აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებული ლოგისტიკური თავისებურებების გათვალისწიენებით, სამედიცინო პერსონალის და ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებების მობინადრეთა და პერსონალის აცრის შემდგომ/ პარალელურად, შესაძლოა, დაიგეგმოს კონკრეტული ესენციური სერვისის წარმომადგენელთა აცრა.

Moderna-ს ვაქცინის შემთხვევაში, თბილისის და რეგიონული საწყობებიდან ვაქცინა მიეწოდება მუნიციპალურ საზ. ჯანდაცვის ცენტრებს, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინების – 20C-ზე შენახვა. ხოლო აქედან, თვეში ერთხელ, თითოეულ დაწესებულებას, მიეწოდება 4 კვირის ასაცრელი მარაგი, რადგან გალღობის შემდეგ ვაქცინა 2-8C-ზე 30 დღე ინახება. ამ შემთხვევაში, პირველი სამიზნე იქნება სამედიცინო დაწესებულებები და მათი პერსონალი, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბინადარნი და პერსონალი და 75+ მოსახლეობა. აცრის ორგანიზების პასუხისმგებლობა დაეკისრება რაიონში შერჩეულ დაწესებულებებს, ხოლო ასაცრელი კონტინგენტის გეგმაზომიერი მობილიზება-მოზიდვა დაევალება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, საზ. ჯანდაცვის ხელმძღვანელს მუნიციპალიტეტში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით. ცალკეული მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს და განახორციელებს ასაცრელი კონტინგენტის აცრის კალენდარულ გრაფიკს და კონტინგენტის მოსაზიდად საჭირო ღონისძიებებს.
შესაბამისად, პირველ ეტაპზე და გამომდინარე ვაქცინის ტიპიდან, აცრები ჩატარდება ჯერ ჯანდაცვის სექტორისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სხვა პრიორიტეტულ ჯგუფების მოცვა.

ვაქცინაციის გაფართოების მეორე ეტაპზე – მუნიციპალიტეტების დონეზე პროგრამაში ჩაერთვება როგორც იმუნიზაციაში მონაწილე, ასევე არ-მონაწილე დაწესებულებები (თუ ეს დაწესებულებები მონაწილეობას დათანხმდებიან), ხოლო მე-3 ეტაპი გულისხმობს სამიზნე მოსახლეობის აცრას უფრო მეტად გაფართოებული ქსელით და დიდ ქალაქებში მასიური ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებით,"- ნათქვამია ვაქცინაციის ეროვნულ სტრატეგიაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა