მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში"

5efaf2d26a42c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.20 12:23
852
ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში - ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ EPRC-ის მიერ გამართული დისკუსიის - "კორონავირუსის ეპოქა და საინვესტიციო პერსპექტივები" ფარგლებში განაცხადა.

გიორგი პერტაია მიიჩნევს, რომ მსოფლიოში FDI-ს შემცირების პროგნოზები პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნებისთვის ართულებს ინვესტიციების მოზიდვას.

"ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში. ჩავთვალოთ, რომ დღეს დამთავრდა პანდემია, 1.5 წლის განმავლობაშიც ვერ მივალთ იმ დონემდე, რაზეც ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, ისიც არ ვიცით, დღეს დამთავრდება თუ არა პანდემია, შეიძლება განმეორდეს...

სხვადასხვა კვლევები მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 40%-იან კლებაზე ლაპარაკობენ და ხაზს უსვამენ რომ კლება განვითარებად ქვეყნებში მეტი იქნება. იმაში, რომ ინვესტიციების ბუმი მოვაწყოთ, გამოსავალი არ არსებობს, ინვესტიციები აუცილებლად დაეცემა სამწუხაროდ, მაგრამ არის მეთოდები, რომლითაც ინვესტიციების მოზიდვა შეგვიძლია რაღაც დონემდე ავწიოთ", - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა პირდაპირი უცოხური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ორი მიმართულება გამოყო: ადგილობრივ ინვესტორებთან მუშაობა და მსოფლიოში მორღვეულ მიწოდების არხებში მოხვედრაზე მუშაობა.

"ყველაზე მოკლე გზა არის ის, რომ არსებული ინვესტორები ვინც არიან საქართველოში, ვინც უკვე აიღო ქვეყნის რისკი და ბარიერები გადალახა, მათ ინდივიდუალურად უნდა ვემუშავოთ, შევთავაზოთ კონკრეტული პროექტები და ფულის ჩადება, ანუ მათთან უფრო მარტივია საუბარი, ვიდრე ვიღაც უცხოელთან, რომელიც ისედაც ან აპირებდა, ან არ აპირებდა საქართველოში ინვესტირებას და ახლა პანდემიის პირობებში რამდენად ჩადებს, არ ვიცით.

მეორე მეთოდი არის ის, რომ იმ მიწოდების არხებში, რომელიც მსოფლიოში ბევრგან მოირღვა, იგივე ბანგლადეშში, ან ვიეტნამში წარმოებულ პროდუქციაზე, ამ არხებში ჩაჯდომა ძალიან რთულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ ჩვენ უპირატესობებით ", - განმარტა პერტაიამ.

მისივე თქმით, ამაზე მხოლოდ ერთი უწყების სამსახური არ უნდა მუშაობდეს, რაშიც "აწარმოე საქართველოს" გულისხმობდა, არამედ ამაზე მთავრობა სრულად და სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა აქტიურობდეს.

"მთავრობამ ეს დააანონსა თავის დროზე და მე ძალიან სწორ მესიჯად აღვიქვი, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ ახლა ფუფუნება, რაღაცეები ვარჩიოთ, ყველას უნდა ველაპარაკოთ. ინვესტიციების მოზიდვა მთავრობაში არ უნდა იყოს ერთი უწყების ფუნქცია და პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ხიდურელი ამ მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს. ყველა უნდა ცდილობდეს ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის საზოგადოებაც, აქ საუბარი მხოლოდ მთავროაბზე არ არის", - განაცხადა პერტაიამ.