მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცოტა უსუსური და შტერული აზრია", - ბიზნესმენი შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე

5f4e4f52d00df
ელენე გოგბერაშვილი
01.09.20 18:00
1481
დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მომზადებული შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლემენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა ბიზნესი ჯერ კიდევ ცდილობს, მისი კანონად ქცევის შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე კანონმდებლები არგუმენტირებულად დაარწმუნოს.

საქართველოში მოქმედ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს მათი თანამშრომლების მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ახალი წესით ანაზღაურება შეიძლება დაევალოთ. კონკრეტულად კი, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი ზეგანაკვეთური სამუშაო საათების 125%-იანი დანამატით ანაზღაურებას ითვალისწინებს. ანუ თითოეულ ზეგანაკვეთურ საათზე დასაქმებულმა სტანდარტულ სამუშაო საათზე 125%-ით მეტი ანაზღაურება უნდა მიიღოს. 

ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე თვლის, რომ პანდემიის პირობებში, როცა კერძო სექტორი და ქვეყანა კრიზისშია, მსგავსი ცვლილებების ძალაში შესვლა, რომელიც დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, არასწორია.

„ქვეყანაში არის პანდემია და მძიმე ეკონომიკური კრიზისი და დღევანდელ პირობებში საკითხის განხილვა, რომელიც დაკავშირებულია ზედმეტ გადახდებთან, ჩემი აზრით, ცოტა უსუსური და შტერული აზრია. ეს თუ მოხდება, ფაქტობრივად ვერ შესრულდება, რაც გამოიწვევს იმას, რომ გაათავისუფლებენ ხალხს, რომელიც არ სჭირდებათ ან მოხდება საერთოდ წარმოებების შეჩერება, რომელიც არაკონკურენტულია.

საწარმოებს და ბევრ ორგანიზაციას, არც თუ ისე დიდი მოგება აქვს. ამ შეზღუდვის ამოქმედება კი გამოიწვევს მუშახელის ანაზღაურების არათუ ზრდას, არამედ შემცირებას. ეს გამოიწვევს იმასაც, რომ ზოგიერთი საწარმო შეიძლება გაჩერდეს. ქვეყანაში როცა ეკონომიკური ვარდნაა, ასეთი კანონის შემოღება დიდი ჭკუის მაჩვენებელი არ არის. ამ საკითხების განხილვა მაშინ უნდა მოხდეს, როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იქნება.

ცვლილებები ეხება საჯარო უწყებების თანამშრომლებსაც. იქაც ხარჯი გაიზრდება, რადგან ეს დაკავშირებულია ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილის გაზრდასთან. ჩემიი აზრით, როცა ბიუჯეტის 50% დამოკიდებულია უცხოურ კრედიტებზე, ასეთ პირობებში, რეგულაციებზე საუბარი შეუძლებელია. შეიძლება მიიღონ კანონი, მაგრამ მას განხორციელება არ უწერია, რადგან დაზარალდება როგორც ის, ვინც ასაქმებს, ასევე, ვინც საქმდება“, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

შეგახსენებთ, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით კენჭს დეპუტატები მიმდინარე კვირას, ხუთშაბათის პლენარულ სესიაზე უყრიან.