მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"covax-თან გაუგებრობა აღმოფხვრილია" - საქართველო პლატფორმას, სავარაუდოდ, არ უჩივლებს

603e006eb9f6f
ინგა მურუსიძე
02.03.21 13:05
3006
"COVAX-თან გაუგებრობა აღმოფხვრილია და თანამშრომლობა გრძელდება" - ეს განცხადება უწყებათშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა. გაუგებრობა კი, როგორც ცნობილია, ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსისთვის" პლატფორმიდან მიღებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომელშიც საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზების მიღების დაგვიანების მიზეზებზე იყო საუბარი. კერძოდ, როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

გუშინვე მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ COVAX-პლატფორმამ საქართველოს ვაქცინა იმიტომ არ გადასცა, რომ დოკუმენტაცია არასწორად იყო შევსებული. აღნიშნული გუშინ გამართულ ბრიფინგზევე უარყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, „კოვაქსისგან“ მიიღო დოკუმენტაცია, სადაც მსგავსი რამ არ ეწერა. მოგვიანებით კი, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, საქართველომ „კოვაქსს“ პირობების შეუსრულებლობის გამო უჩივლოს.

დღეს კი, მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სადაც კითხვები ვაქცინაციის დაწყების დაგვიანებასაც შეეხებოდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ „კოვაქსთან“ ყველანაირი გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გრძელლდება.

მედიის დამატებით კითხვას - აპირებს თუ არა საქართველო, რომ ბოსნიას მსგავსად „კოვაქსს“ უჩივლოს, თამარ გაბუნიამ შემდეგი პასუხი გასცა:

„რეგიონში შერჩეული იყო 4 ქვეყანა - საქართველო, ბოსნია, უკრაინა და მოლდოვა. ეს ოთხი ქვეყანა უნდა ყოფილიყო „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი მიმღები. ვაქცინის მიღების თარიღად ყველა მათგანისთვის განსაზღვრული იყო თებერვლის შუა რიცხვები. ეს თარიღი გადავადდა ერთნაირად ყველა ქვეყნისთვის. ამ გადავადებაზე ყველას აქვს უფლება, თავისი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვაგრძელებთ „კოვაქსთანაც“ და „ფაიზერთანაც“ თანამშრომლობას და იმედი გვაქვს, რომ ეს გადავადება აღმოიფხვრება. იმედია, ის დამატებითი მოთხოვნა, რომელსაც „ფაიზერი“ სტელეფონო ზარისას გაგვიზიარებს, მალე შესრულდება და დაპირებულ ვაქცინას მივიღებთ მალევე. 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს „კოვაქსი“ ამ ეტაპზე, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ „კოვაქსის“ დაპირება დამოკიდებულია მიმწოდებელზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ კოვაქს-პლატფორმასთან გუშინ რამდენიმე კომუნიკაცია ჰქონდა და პრესსამსახური, სავარაუდოდ, დააზუსტებს იმ უზუსტობას, რომელიც მისი აზრით, „იყო ინტერპრეტაცია და თარგმნის უზუსტობა“, „ჩვენ გვაქვს წერილი, სადაც მსგავსი რამ არ წერია“, - აღნიშნა მან.

ამასთან, თამარ გაბუნია ამბობს, რომ „კოვაქსი“ საქართველოს მთავარი პარტნიორია ვაქცინების მობილიზების პროცესში და თანამშრომლობა გრძელდება.

„ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენ გვაქვს უფლება გამოვხატოთ უკმაყოფილება, გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით. ეს კომუნიკაცია მოხდება „კოვაქსთანაც“ და მის პარტნიორებთანაც, რომლებიც არიან ჯანმო და ვაქცინების გლობალური ალიანსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კითხვებს იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველომ დოკუმენტაცია სწორად ვერ შევასო, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ კოვაქსის პლატფორმასთან საკომუნიკაციო პირი თავადაა და როგორც მას, ისე მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს აქვთ შესაძლებლობა, რომ მსოფლიო აპლიკაციები სწორად შეავსონ და „აპლიკაციის ხარისხზე საუბარი სასაცილოა“.