მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"covid-კლინიკების გადაწყობა დროს მოითხოვს" - სექტორი სამინისტროსთან კომუნიკაციას ითხოვს

625413f81a5f1
სალომე მეცხვარიშვილი
11.04.22 15:40
864
1 მარტიდან სახელმწიფომ კოვიდ-კლინიკები დაფინანსების ახალ მოდელზე გადაიყვანა. შესაბამისად, უკვე თვე-ნახევარია ანაზღაურება ხდება პაციენტების რაოდენობის მიხედვით და აღარ მოქმედებს გარანტირებული დაფინანსების რეჟიმი, როცა საავადმყოფოები თანხას იღებდნენ იმის მიუხედავად, დაკავებული იყო თუ არა საწოლი და მკურნალობდნენ თუ არა პაციენტები.

ქვეყანაში Covid-19-ის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო, ამიტომ ჰიბრიდული და კოვიდკლინიკები მუშაობის ძველ რეჟიმს უბრუნდებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ეს გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ გამოწვევებზე დღეს სფეროს სპეციალისტებმა იმსჯელეს. ღონისიძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო მირზიკაშვილი ამბობს, რომ ჰიბრიდული და კოვიდ-კლინიკებისთვის ძველ რეჟიმში დაბრუნება გონივრულ ვადებს მოითხოვს. მისი განმარტებით, 2 წლის განმავლობაში საავადმყოფოების დიდი ნაწილი ძირითადად პანდემიაზე იყო ორიენტირებული და აღარ სჭირდებოდათ ისეთი სპეციალისტები, როგორებიცაა მაგალითად: ქირურგი, გინეკოლოგი, ბებიაქალი, ნეიროქირურგი და ა.შ.

ნინო მირზიკაშვილის თქმით, სპეციალისტების ნაწილი სხვა კლინიკებში ან სექტორში გადავიდა, ახლა კი მათ დასაბრუნებლად დრო იქნება საჭირო. ასევე გარკვეული პერიოდი დასჭირდება კლინიკების ინფრასტრუქტურულ გადაწყობას.

ამ ყველაფერს კი ემატება ის გარემოება, რომ კლინიკებს 1-ელ ივნისამდე მოუწევთ დააკმაყოფილონ ე.წ. ემერჯენსის განახლებული სანებართვო პირობები, რომლის ამოქმედებაც კოვიდ-პანდემიის გამო გადადებული იყო.

“გადაწყობა გარკვეულ და გონივრულ ვადას მოითხოვს, რადგან უნდა აღდგეს ძველი სერვისები - ეს კი უნდა მოხდეს სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციით, რაც არ ხდება.

იმისთვის, რომ კლინიკებმა დაიბრუნონ ადამიანური რესურსი, ინფრასტრუქტურულდ გადაეწყონ და შეძლონ, განაგრძონ ნორმალური ფუნქციონირება - ღია და გამჭვირვალე დიალოგი სამინისტროსთან აუცილებელი და მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ნინო მირზიკაშვილი.

მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად, არ არსებობს ჯანდაცვის გრძელვადიანი პოლიტიკა, რაც ბაზარზე ბუნდოვანებას ქმნის და ინვესტორებს აფრთხობს. ნინო მირზიკაშვილის განცხადებითვე, ამ და სხვა თემებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან არაერთხელ იყო კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ.