მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"covid-თან თანაცხოვრება კი არა, მისგან დამალვა ვისწავლეთ" - რაზე ისაუბრებს სექტორი მინისტრთან

6092876681a09
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 16:08
716
რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ვაქცინის გაკეთება-არგაკეთებას აზრი ეკარგება თუ სფერო აღარ იარსებებს. ეს განცხადება მან ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა და იქვე დასძინა, რომ ნათია თურნავასთან შეხვედრაზე სექტორის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებზეც ისაუბრებენ. 

„ვაქცინის გაკეთება-არგაკეთებას აზრი ეკარგება თუ სფერო აღარ იარსებებს. დღეს 21:00 საათის შემდეგ მუშაობა გვეკრძალება და მუშაობის უფლება შაბათ-კვირასაც არ გვაქვს. ამ თემაზე დიდი ხანია ვმსჯელობთ. ვაქცინაცია შეიძლება სახელმწიფოს ამ ნაბიჯების გადადგმაში დაეხმაროს, რადგან თუ სფეროს დიდი ნაწილი აიცრება, მაშინ გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივი იქნება.

ჩაკეტვის მოლოდინი ინფიცირების მაჩვენებლის მატების მიუხედავად არ გვაქვს, ეს წარმოუდგენელია და ამას სახელმწიფო ვერ გადაიტანს, ჩვენ ამ გზით უნდა გვევლო პირველი "ლოქდაუნის" პერიოდშიც. ჩაკეტვა არ არის გამოსავალი, ეს დროებითი შეკავებაა. ჩვენ კი არ ვისწავლეთ covid-თან მუშაობა და თანაცხოვრება, არამედ კოვიდისგან დამალვა ვისწავლეთ “, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი დარგის წარმომადგენლების ვაქცინაციის ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს ქვეყანას და სექტორს ეპიდემიისა და არსებული პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

„ეს ინიციატივა ერთობლივია და პრემიერ-მინისტრმა გამოყო კვოტა, რომლითაც სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. ეს მისასალმებელია. კითხვის ნიშანი დგება - რამდენად მიიღებენ სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციას, თუმცა იმედი მაქვს, ეს წარმატებით შესრულდება. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაქცინაციის საკითხებზე იმსჯელებს, რათა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს ამ საკითხის ორგანიზებაში დავეხმაროთ. მარტივად უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა და გავიაროთ ის საკითხები, რაც ვაქცინაციასთან მიმართებით დგას.

შედეგი შეიძლება დადებითი იყოს, პირველი რიგში იმიტომ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი აიცრება. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღი დღეს ვაქცინაა და ამ სფეროში ეს წარმატებით უნდა შესრულდეს. მეორე - ეს გარკვეულწილად პიარკამპანიაა, რომლითაც შემოსულ სტუმარს, რომელიც ამ სფეროში სერვისის მიღებას სკეპტიკურად უყურებს, გარკვეულწილად როგორც სტუმრობის, ასევე ადგილზე სერვისის მიღების მოტივაცია მიეცემა“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.