მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცვარა“ დუბაი expo-ში მონაწილეობს - „ჩვენი პროდუქცია დიდ ინტერესს იწვევს"

61e64e40d2e11
სალომე ჭიპაშვილი
20.01.22 10:15
1098
ქართული საიუველირო კომპანია „ცვარა“ დუბაი expo-ში მონაწილეობს. როგორც bm.ge-ს „ცვარა“-ს თანადამფუძნებელმა დავით ქუთათელაძემ განუცხადა, საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს კომპანიები - "ცვარა" და "ციკოლია" წარმოადგენენ.

„ეს არის ძალიან ფართომასშტაბიანი ექსპო, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები თავის პროდუქციას წარადგენენ და „ცვარაც“ თავისი უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი ოქროსა და ვერცხლის სამკაულებით, ამ გამოფენაზე დიდ მოწონებასა და ინტერესს იმსახურებს. ჯერ კიდევ 2020 წელს იგეგმებოდა ამ გამოფენის ჩატარება დუბაიში, თუმცა პანდემიის გამო ვერ მოხერხდა“, - თქვა დავით ქუთათელაძემ და იქვე დასძინა, რომ დამთვალიერებლის მხრიდან ინტერესი დიდია.

„შეკვეთები, ჯერჯერობით, არ მიგვიღია, თუმცა გამოფენა გრძელდება“, - აღნიშნა „ცვარა“-ს თანადამფუძნებელმა.

„ცვარა“-ს სამკაულები უძველესი ტექნოლოგიებით შექმნილი თანამედროვე ნამუშევრებია, რომლებიც ოქროსგან, ვერცხლისგან, ტიხრული მინანქრისგან იქმნება.

„აღსანიშნავია თვითონ „ცვარას“ ტექნოლოგია, რომელიც ჩვენი კულტურის იკონური ტექნოლოგიაა. სამკაულის გამოსახულება მიიღება ტემპერატურის ქვეშ დამდნარი ძვირფასი მეტალის ბურთების ერთმანეთთან კომპონირებით. ის არის მიკრონების ზომის ბურთულები, რომლებშიც გადის ჰაერი“, - ამბობს „ცვარა“-ს თანადამფუძნებელი.

„ცვარას“ ოქროს სამკაულების ფასები იწყება, დაახლოებით, 1000 დოლარის ექვივალენტიდან ლარში, ხოლო ვერცხლის ექსკლუზივების ფასი 1600 ლარამდეა. ქართული საიუველირო კომპანია „ცვარა“ თბილისში სამი მაღაზიითაა წარმოდგენილი, ასევე ცვარას პროდუქცია „ეთსი“-ის საერთაშორისო საიტზეც იყიდება.