მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცვლილებები არ ეხება საბავშვო ანაბარს... შეიძლება, ზოგიერთ ბანკს თანხის გაცემა არ უნდა"

5f4e29c1bffaf
სალომე მეცხვარიშვილი
01.09.20 15:47
1374
დღეიდან ძალაში შევიდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ბავშვის სხვადასხვა უფლებასთან ერთად ითვალისწინებს ჩანაწერს ბავშვის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი, გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმად, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ან 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონების მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობითაა დასაშვები. 

ამ ჩანაწერის საფუძველზე, ზოგიერთმა ბანკმა მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ 1 სექტემბრიდან ანუ დღეიდან, მათი შვილის საკუთრებაში არსებული საბავშვო ანაბრის განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობით არის შესაძლებელი.

თუმცა, კოდექსში ჩანაწერს განსხვავებულად განმარტავს თავად მისი ავტორი, პარლამენტარი სოფიო კილაძე. მისი თქმით, ჩანაწერში საბავშვო დეპოზიტები არ იგულისხმება და ნებისმიერი საბანკო დაწესებულება, რომელიც ამის საფუძველზე აცხადებს უარს, საბავშვო ანაბრის გაცემაზე, ისინი უკანონობას ჩადიან.

“კარგი იქნებოდა, სანამ ბანკები ამ შეტყობინენებს დააგზავნიდნენ მოქალაქეებთან, ჩვენთან გაევლოთ კონსულტაცია. სამწუხაროდ, არავინ დაგვკავშირებია. მე მქონდა კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და ავუხსენი კანონმდებლის ნება; ასევე მქონდა სასამართლოსთან კომუნიკაცია. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, კანონმდებლის ნება არ ყოფილა, რომ ანაბარზე გავრცელებულიყო ეს რეგულაცია და პირდაპირ გეტყვით, არ ვრცელდება ეს რეგულაცია ანაბარზე. შეიძლება ზოგიერთ ბანკს არ უნდა თანხის გაცემა მოქალაქეებზე და ამიტომ აკეთებს ამას, შეიძლება ზოგიერთი შეცდომაშია შეყვანილი”,- აცხადებს სოფო კილაძე.

მიუხედავად გაუგებრობებისა, საკანონმდებლო ორგანოში არ ფიქრობენ, რომ კოდექსს დამატებით განმარტებები სჭირდება, შესაბამისად, ცვლილებების მიღებასაც არ გეგმავენ.

“კანონში არ არის ხარვეზი, ხარვეზულად არის მისი განმარტება, როგორც  ეს ზოგიერთმა იურისტმა განმარტა”,- განაცხადა სოფო კილაძემ.