მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაგეგმილია IMF-თან მოლაპარაკების მორიგი ეტაპი, სადაც განიხილება ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობები”

620902799a358
თელარა გელანტია
13.02.22 21:20
890
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად ჯერ დაწყებული არაა.

ამის შესახებ ლაშა ხუციშვილის მიერ bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოგზავნილი წერილობითი პასუხიდან ირკვევა.

„IMF-თან მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი დაგეგმილია უახლოეს პერიოდში, სადაც განიხილება 2021 წლის შედეგები და ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობები”, - მოგვწერეს ფინანსთა სამინისტროდან.

სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების ვადები რომ ჭიანურდება, ამას საქართველოში სსფ-ის ოფისის მიერ bm.ge-სთვის გამოგზავნილი კომენტარიც ადასტურებს.

„ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსიები საქართველოს ხელისუფლების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან IMF-ის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური პროგრამის თაობაზე, ამჟამად მოლაპარაკებები გრძელდება“, - ამბობს BMG-სთან ქვეყანაში IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4-წლიანი პროგრამა 2021 აპრილში დასრულდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში საქართველომ 687 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანამ პანდემიური კრიზისის დროს აითვისა.

პროგრამის დასრულებიდან მალევე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა. გასულ წელსვე მთავრობა პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ონლაინ-ფორმატში კონსულტაციები იმართებოდა და განსახილველ საკითხთა შორის ახალი პროგრამისთვის მზადებაც იყო.