მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაგროვებულია ბევრი საქმე, ზოგი სასამართლოშია, ზოგი საგამოძიებო უწყებებში და დროულად საჭიროებენ გადაჭრას"

628e497760ee3
სალომე მეცხვარიშვილი
25.05.22 23:20
830
დაგროვებულია ბევრი საქმე, ზოგი სასამართლოშია, ზოგი საგამოძიებო უწყებებში და დროულად საჭიროებენ გადაჭრას - ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების (KGEU) გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც სწორედ საქართველო-ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხებოდა.

მისი თქმით, გაჭიანურებული სასამართლო დავები ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაც საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე ცუდად მოქმედებს.

“ინვესტიციების მოცულობა მომრავლდა ყაზახეთიდან, მომრავლდა მსხვილი და წვრილი ინვესტიციებიც, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გარკვეულ სადავო საკითხებსაც წამოჭრის მხარეებს შორის. დაგროვებულია ბევრი საქმე, ზოგი სასამართლოშია, ზოგი საგამოძიებო უწყებებში და დროულად საჭიროებენ გადაჭრას. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მხოლოდ ქართული მხარის დანაშაულია, ხშირად ეს მეორე მხარის ბრალეულობითაც ხდება, თუმცა ეს საჭიროებს გადაწყვეტას, რადგან საინვესტიციო კლიმატს ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს”,- აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის გადაზიდვებისა და შუა დერეფნის გააქტიურების დიდი პერსპექტივა არსებობს და რუსეთ-უკრაინის გამო ეს დერეფანი უკვე გააქტიურებულია.

“ვაჭრობის კომპონენტი დასანახია კომპლექსურად ტრანსპორტთან ერთად და არა ცალკე ვაჭრობა და ცალკე ტრანსპორტი. ყაზახეთი ყოველწლიურად 120 მილიონზე მეტი ტონა ტვირთის ექსპორტს ახდენდა რუსული პორტებით, ამ მოცულობის ტვირთს ჩვენ ვერასოდეს ვერ გავატარებთ ჩვენს კორიდორში, მაგრამ იმ მოცულობის გასატარებლად, რაც შეიძლება გამოატაროს ყაზახეთმა საქართველოს გავლით, 20 მლნ ტონა, ვალდებული ვართ მოვემზადოთ ამ ტვირთის მიღებისა და გადამუშავებისთვის”,- აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ მოცულობის ტვირთის გატარების შესაძლებლობა არ აქვს არც საქართველოს და არც თავად ყაზახეთსა და აზერბაიჯანს.