მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაგვიანებული იყო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა covid-19-ის მართვაში" - პროფესორი

5fe9f04c53606
სალომე მეცხვარიშვილი
28.12.20 22:20
861
დაგვიანებული იყო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა covid-19-ის მართვაში, დაგვიანებული იყო ბინაზე მკურნალობის პროტოკოლის შემუშავება, - ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილი აცხადებს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.  

ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ნამდვილად შეინარჩუნა მდგრადობა, თუმცა, ექიმებისა და ექთნების ხარჯზე და არა მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გავლენით.

ნინო მირზიკაშვილის თქმით, ბევრი ნაბიჯის გადადგმა უფრო ადრე რომ მომხდარიყო, დღეს გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყანაში ბევრად ნაკლები იქნებოდა და არც ეპიდსიტუაცია დამძიმდებოდა ქვეყანაში ისე, როგორც ნოემბერში, როცა დღიურად ინფიცირებულთა ოფიციალური მაჩვენებელი 5 ათასს გადასცდა.

“ვერ დავეთანხმები ქალბატონ მინისტრს, რომ დრამატული შედეგების გარეშე გავუმკლავდით ეპიდემიის მეორე ტალღას. თუმცა, მე ამას პირველ ტალღას დავარქმევდი, გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხულზე პირველი ტალღა არ გვქონია, რამდენადაც დროულად მოხდა ქვეყნის ჩაკეტვა.

სისტემას ჰქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ მომზადებულიყო შემოდგომისთვის, რადგან იყო მოლოდინი, რომ შემოდგომაზე გარკვეული მატება იქნებოდა ინფექციის გავრცელების, თუმცა, ასეთ დრამატულ მატებას არავინ ელოდა. ნოემბერში დღიური ინფიცირების დონე 5 ათასს გადასცდა და რეალური შემთხვევების რაოდენობა, თავად ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, იყო 10-15 ათასი დღეში.

არ უარვყოფ სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს არასაკმარისია და სწორი მომზადების და მართვის პირობებში გაცილებით უკეთ შეგვეძლო მოვმზადებულიყავით შემოდგომისთვის და თავიდან აგვერიდებინა გარდაცვალების ეს მაჩვენებელი”,- აცხადებს ნინო მირზიკაშვილი.

მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო, როცა ექიმები გადაამზადა და მაქსიმალურად მოამზადა ახალი გამოწვევებისთვის.

“როგორც წესი, ეპიდსიტუაციას მოჰყვებოდა ღონისძიებები და არა პირიქით - ამის მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში. მხოლოდ ოქტომბერში მოხდა სადაზღვევო კომპანიების და მათი ექიმების ჩართვა, რაც დაგვიანებული იყო. ასევე ოჯახის ექიმები თავად ამბობენ, რომ ბინაზე მართვის პროტოკოლის შემოღებაც დაგვიანებით მოხდა.

ბევრი რამ შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვლილი და რა რიცხვებზე რა მექანიზმები უნდა ჩართულიყო, ეს მერე არ უნდა გადაწყვეტილიყო”,- ამბობს ნინო მირზიკაშვილი.