მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაჯარიმებულია 200-ზე მეტი კომპანია" - რა შედეგებია შრომის უსაფრთხოების კუთხით?

5e0ee90d57940
ინგა მურუსიძე
03.01.20 11:51
10044
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად 502-დან 127-მა კომპანიამ დარღვევები სრულად გამოასწორა, ხოლო 200-ზე მეტი დაჯარიმდა. 

როგორც bm.ge-ის ფერაძემ განუცხადა, ინსპექტირების შედეგად გაუმჯობესებულია სტატისტიკა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პედიოდთან შედარებით, გარდაცვალების მაჩვენებელი - 35%-ით, ხოლო დაშავებულთა სტატისტიკა 20%-ით შემცირდა.

„რეალურად, კანონი რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, თუმცა ყველა ეკონომიკურ სექტორზე 1 სექტემბრიდან გავრცელდა. ამ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით შემოწმებულია 502 ობიექტი, ხოლო 1200-ზე მეტი ინსპექტირება არის განხორციელებული ჩვენ მიერ. გარდა ამისა, ჩვენ ზედამხედველობას და რეაგირებას ვახორციელებთ იძულებით შრომაზე და შრომით ექსპლოატაციაზე. ამ მიზნით, 125 კომპანიის შემოწმება განხორციელდა. გარდა ამისა, შრომის უფლებების მიმართულებით განხორციელდა 150 ინსპექტირება სხვადასხვა სექტორულ მიმართულებაში. ჯამში, მიმდინარე წელს 1500-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა. რაც შეეხება შედეგებს - წელს სტატისტიკურად დაღუპულების მაჩვენებელი შემცირებულია 35%-ით, ხოლო 20%-მდე არის შემცირებული დაშავებულთა რაოდენობა. მოკლე პერიოდში რისი განხორციელებაც შესაძლებელი იყო, გაკეთდა და ეს სტატისტიკაზეც მეტყველებს“, - განაცხადა ფერაძემ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია 14 ათას ლარამდე დაჯარიმდა, ხოლო რამდენიმე - 50 ათასი ლარით.

„ჯამში, პირველადი გაფრთხილების შემდგომ 127-მა კომპანიამ სრულად გამოასწორა დარღვევები, დაახლოებით, 200 კომპანია დაჯარიმდა 14 ათასი ლარის ფარგლებში, რამდენიმე კომპანიას დაეწერა 50 ათას ლარამდე ჯარიმა, რამდენიმეს შემოწმება ახლა მიმდინარეობს. ამასთან, იანვარში გამოვაქვეყნებთ ანგარიშს, რაც სრულ სურათს მოგვცემს. ზოგადად, დადებითი მაჩვენებლები არის, კომპანიებმა დაიწყეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და  შედეგებზე მეტყველებს სწორედ სტატისტიკური მაჩვენებლები“, - განაცხადა ფერაძემ.