მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დამეხმარეთ, თორემ ხვალ თქვენ მოგადგებიან" - "ბუდაპეშტის" ინვესტორი ბიზნესს მიმართავს

601ab2a051fe5
ინგა მურუსიძე
03.02.21 19:04
5966
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი კომპანიის წარმომადგენლის, ირაკლი ზაქაიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომ ინვესტორი სამართლებრივად მართალია და ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სადაც ადრე რესტორანი "ბუდაპეშტი"იყო, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა აქვს.

საუბარია იმაზე, რომ ინვესტორმა ვაკის პარკის მიმდებარედ ყოფილი რესტორან "ბუდაპეშტის" ტერიტორია წლების წინ კანონის სრული დაცვით შეიძინა, თუმცა თბილისის მერიის პოზიციაა, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო ვერ აშენდება. წლებია ინვესტორსა და  მერიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის ადგილმონაცველობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

გიორგი ზაქაიძე "საქმის კურსის" ეთერში ამბობს, რომ თუ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, მაშინ თბილისის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა უგულვებელყოს. ინვესტორი ინტერესდება, თუ სად უნდა წავიდეს სამართლის საძიებლად, როცა საქართველოში ყველა ინსტანციის სასამართლომ მისი უფლებები დაადგინა.

„ჩვენ დავკარგეთ 7-8 წელი, დიდი ზარალი მივიღეთ და სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ მართლები ვართ. მე ძალიან მიკვირს ბიზნეს-ასოციაციების, რომ როცა ხდება ბიზნესის რეკეტი, იჩაგრება ბიზნესი, ხმას რატომ არ იღებენ. ჩვენ უკანონოდ არაფერს ვითხოვთ. ჩვენ სასამართლოები მოვიგეთ, ნათელია, რომ კერძო მესაკუთრეები ვართ კანონიერი მიწის ნაკვეთის. სასამართლომ აღადგინა და დაადასტურა, რომ ნებართვა კანონიერია. ეს არის ბიზნესის რეკეტი, კერძო საკუთრების ხელყოფა. დღეს მერია ამბობს, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაცია იწყება. მე, როგორც კერძო მესაკუთრეს, რატომ არ შემითანხმეს? გზას ჩაკეტავენ და მე, როგორც მესაკუთრეს, ჩემს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ უნდა მქონდეს?“ - ამბობს ირაკლი ზაქაიძე.

ინვესტორი აცხადებს, რომ მას მარტივად შეუძლია ზიანის ანაზღაურებაზე იჩივლოს და საქმეს აუცილებლად მოიგებს, თუმცა ამას არ აკეთებს. „თანხა ძალიან დიდი იქნება და არა რამდენიმე ათეული მილიონი“, - თქვა ზაქაიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს ინვესტორი ბრძოლის გაგრძელებას, კითხვითვე პასუხობს -
„სახელმწიფომ აღიარა ჩემი უპირატესობა. ხვალ შეიძლება სხვა თანამდებობის პირი იყოს თანამდებობაზე და პირად სიმპათიაზე უნდა იყოს ჩემი კომპანიის ბედი დამოკიდებული?“

ის გეგმავს, რომ ბრძოლა სამართლებრივ ჩარჩოებში და კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს. ზაქაიძე ბიზნეს ასოციაციას და ბიზნესმენებს დახმარებას სთხოვს, რომ სამართლის აღდგენაში დაეხმარონ.

„ხვალ მათ მიადგებიან. ხვალ მოუნდება მერს, ან ვიცე-მერს, რომ მისი საკუთრება სჭირდება ან მოსწონს და წაიღებენ“, - მიმართა მან ბიზნესს.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია-განახლება გადაწყვიტა. კალაძე განმარტავს, რომ ვაკის პარკი დაიკეტება და ის განახლდება, თუმცა შეინარჩუნებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რაც იქ არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ვაკის პარკში არსებობს სადავო ტერიტორია, რომელზეც 2013 წელს გაცემულია ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე. თბილისის მოქმედი ხელმძღვანელობა ამაზე უარს აცხადებს.

მოლაპარაკებები უკვე ორი წელია გრძელდება, თუმცა როგორც ინვესტორი ამბობს, ის ჩიხშია შესული და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან საკუთრებით ვერ სარგებლობს.

დღეს საკითხს გამოეხმაურა ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე. მისი თქმით, მერიას მოლაპარაკებების იმედი აქვს, თუმცა პოზიცია უცვლელია. მერია ამბობს, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო ვერ აშენდება.