მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დასაქმებულთა აღრიცხვა სახელმწიფოსთვის ბიზნესის ტვირთის ხარჯზე გამარტივდა"

602669e3100a7
ინგა მურუსიძე
12.02.21 16:33
935
დასაქმებულთა აღრიცხვა ისედაც ხდება, უბრალოდ როგორც ჩანს, გამარტივდა სახელმწიფოსთვის ამ საქმის გაკეთება ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთის ხარჯზე, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა ცხაკაიამ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ცხაკაიამ შეფასება გააკეთა საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ბიზნესს წარმოეშვა ვალდებულება, რომ დაქირავებულ პირთა ახალი ელექტრონული რეესტრი შეავსოს.

ცხაკაიას თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთ დამატებით რეგულაციაზე უწევს ბიზნესს საუბარი.

„ამ რეგულაციას თითქოს აქვს ლეგიტიმური ახსნა და აბსოლუტურად გასაგებია, რომ სურთ, მთლიანად დასაქმების სექტორი იყოს თეთრი, რეგისტრირებული და აღრიცხვადი, მაგრამ არ შეიძლება ეს იყოს დამატებითი ტვირთი ბიზნესისთვის და ეს ასეა. ჩვენი ყველა თანამშრომელიც 1 მარტამდე უნდა აღირიცხოს RS.GE-ზე და ამას კიდეც ვაკეთებთ, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ეს მოვალეობა დაეკისრათ ჩვენს ბუღალტრებს.

ეს საკითხი ერთი შეხედვით შეიძლება მარტივად ჩანდეს, სახელმწიფო უყურებს ისე, ერთი ბრძანებით ყველას შეიძლება მოთხოვო რეგისტრაცია, მაგრამ რეალურად, ეს სხვა პრობლემას იწვევს კომპანიებში, ეს არის დამატებითი ხარჯი კომპანიებისთვის, რომლებსაც მაგალითად არ ჰყავთ HR დეპარტამენტი, არ ჰყავდათ თავიანთი ბუღალტერი და ა.შ. ესეც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მომავალში შემოღებულ ყველა რეგულაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცხაკაიამ.

მისივე შეფასებით, ახლა ბიზნესი იმყოფება დამძიმებული რეგულატორული ბაზის ქვეშ, რომელსაც დაემატა პანდემიური გარემოება.

„ვფიქრობ, ეს რეგულაცია ძალიან რთულ პრობლემებს შეუქმნის მცირე და საშუალო ბიზნესს. ზოგადად, დასაქმების ბაზები ისედაც არსებობს, როცა ბიზნესი ხელფასს იხდის თვის ბოლოს, აუცილებლად უთითებს იმ ადამიანების შესახებ, რომლისთვისაც იხდება ხელფასი, მათ ექვითებათ საშემოსავლო გადასახადი, ამას შარშან წლის დასაწყისში დაემატა საპენსიო ფონდი და იქ გადახდილი თანხები. ანუ აღრიცხვა ისედაც ხდება, უბრალოდ როგორც ჩანს, სახელმწიფოსთვის გამარტივდა ამ საქმიანობის განხორციელება, ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთის ხარჯზე“ , - განაცხადა ცხაკაიამ.

ინფორმაციისთვის, მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს დაქირავებულ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას და შექმნილია სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად.

ცვლილების თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია დაქირავებული პირი, შრომითი ურთიერთობების დაწყებამდე დაარეგისტრიროს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ივსება დამქირავებლის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (eservices.rs.ge), პირად ავტორიზებულ პორტალზე არსებულ სპეციალურ ჩანართში, სადაც მიეთითება დაქირავებულ ფიზიკური პირთა შესახებ ინფორმაცია (პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი). აქვე, აღვნიშნავთ, რომ დასაქმებულს საკუთარი ავტორიზებული გვერდიდან, ექნება შესაძლებლობა გადაამოწმოს დასაქმებულ პირთა რეესტრში მის შესახებ არსებული ინფორმაცია.