მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან" - დეგნანი

62cd7ec43af89
მარიამ ვარადაშვილი
12.07.22 18:02
742

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში კელი დეგნანი მედიაზე ძალადობას გმობს და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებს უმასპინძლა, რათა საქართველოში მედიაგარემოს შესახებ მათი აზრი მოესმინა. აშშ-ის ელჩი მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესებაზე საუბრობს.

"ჩვენ განვიხილეთ მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება და ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა. დემოკრატიებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უნდა ჰქონდეს.

პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, მედია უნდა იყოს თავისუფალი, რათა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს და ძირითადი მოვლენები ასახოს. პასუხისმგებელი, ეთიკური მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალაუფლების მქონე პირთა ანგარიშვალდებულებისთვის.

აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქარტიის ძალისხმევას, დაეხმაროს ჟურნალისტებს საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები გააშუქონ სამართლიანად, დაბალანსებულად და ეთიკურად", - აცხადებს დეგნანი.

აშშ-ს ელჩი გასული წლის ივლისში მედიის წარმომადგენლებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა თავისუფალი და ღია მედიაგარემოს უზრუნველყოფაა.

"შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის.

5 და 6 ივლისის შოკისმომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები. ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო.

საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას. დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან - მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია”,-აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.