მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავანებოთ ლარს თავი, ლარი არ უნდა გახდეს მანიპულირების საშუალება" – „დიოს“ დირექტორი

5f68ee6529861
თამთა ჯიჯავაძე
21.09.20 22:43
1017
კომპანია “დიოს” აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ ლარის გაუფასურების შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი ალბათ გაზრდილი საბიუჯეტო დანახარჯების ბრალი უნდა იყოს.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას ლარის გაუფასურებაზე, დაუშვილი ამბობს, რომ ამაზე ზოგადად პასუხისმგებლობა როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობას აკისრია.

„ერთ წელიწადში ვალუტა გაუფასურდა 21%-ით. ეს რა თქმა უნდა ნეგატიურად მოქმედებს როგორც ინფლაციის მაჩვენებელზე, ასევე ადამიანების შემოსავლებზე. თუ შარშან საშუალო ხელფასი შეადგენდა 426 დოლარს, ახლა, მიმდინარე კურსით არის 366 დოლარი. ბუნებრივია ეს მოქმედებს მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე, ფასები იზრდება და შესაბამისად ეს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

ვფიქრობ, ეროვნული ბანკიც და მთავრობაც შეთანხმებულად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ კურსი ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს სტაბილური. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ჩვენი ვალუტა კარგავს თავის ფუნქციას. ფულს აქვს ხუთი ძირითადი ფუნქცია, აქედან ვერცერთს ვერ ასრულებს ლარი. არც დაგროვების საშუალებაა. მოსახლეობის დანაზოგების დაახლოებით 70% არის დოლარში. გადახდის საშუალება არის, მაგრამ მსხვილი ტრანზაქციების დროს, ბინის ან მანქანის ყიდვის შემთხვევაში მოსახლეობა ისევ დოლარს ან ევროს იყენებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური ცვლილებაა მოსახდენი, რომ მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გაიარეს, კურსის დასტაბილურება - მიბმა ერთ-ერთ მძლავრ ვალუტასთან, ეს იქნება ევრო თუ დოლარი. შესაძლებელია თავდაპირველად იყოს გარკვეული პრობლემები, მაგრამ საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი ხედვიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური სტაბილურობისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

ხოლო კითხვაზე, თუ როდის შეიძლება ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა იყოს წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა, გარკვეული გეზი ამ მიმართულებით უკვე უნდა ავიღოთ.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკის 75% არის იმპორტი. შესაბამისად იმაზე გათვლა, რომ პერიოდულად გვქონდეს სუსტი ვალუტა, რომ წავახალისოთ ექსპორტი, არასწორია და ვფიქრობ, რომ მცდარი გადაწყვეტილებაა. არჩევნების შემდეგ, იქნება ეს ახალი მთავრობა თუ კოალიციური მთავრობა, მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს რომ ლარი იყოს სტაბილური. ლარი მთავარი ინდიკატორია ეკონომიკური სტაბილურობის.

ნებისმიერი ბიზნესმენი, იქნება ადგილობრივი თუ ინვესტორი, ყოველთვის აქცევს ყურადღებას ადგილობრივი ვალუტის სტაბილურობას. ვფიქრობ, რომ ამაზე კამათიც უნდა მორჩეს. დავანებოთ ლარს თავი, ლარი არ უნდა გახდეს მანიპულირების საშუალება, ადამიანების და ბიზნესების ჯიბიდან ფულის ამოღების. ამას სხვა არაფერი ჰქვია, როდესაც ერთ დღეში ან ერთ საათში აქტივები, რომელიც მოსახლეობას გააჩნია ლარებში, უფასურდება. ამას რა ჰქვია სხვა თუ არა მოსახლეობის გაღარიბება“, – განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან კიდევ გაუფასურდა 3.2295 ლარამდე. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.55 თეთრი შეადგინა.