მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დახმარებების პაკეტი გაგრძელდება ალბათ იქამდე, ვიდრე ფული ეყოფათ" - ეკონომისტი

5f2c0b199c720
ინგა მურუსიძე
06.08.20 18:33
1577
სოციალურ დახმარებებზე მთავრობა 410 მლნ ლარს დახარჯავს - შესაბამისი ინფორმაცია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააჟღერა. სოციალური პაკეტები 4 მიმართულებას მოიცავს, მათ შორის:

ყველა თვითდასაქმებული, რომელსაც ერთჯერადო, 300 ლარიანი დახმარების მიღების სურვილით არასრული დოკუმენტაცია ჰქონდა წარდგენილი, კომპენსაცია ჩაერიცხება.

გარდა ამისა, 0-დან 17 წლამდე ასაკის ყველა მოზარდი, მთავრობისგან 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებს;

ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოსახლეობას კომუნალური გადასახადები დაუსუბსიდირდება;

მოხდება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფარვა;

მთავრობის მიერ წარდგენილი სოციალური პაკეტი bm.ge-სთან ეკონომიკის დოქტორმა, რამაზ გერლიანმა შეაფასა. ის ფიქრობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან როცა მთავრობამ თავდაპირველად წარადგინა დახმარებების პაკეტი, გაწერილი იყო კონკრეტული თანხა, რომელიც მაშინ ვერ აითვისეს და ახლა ცდილობენ, ეს დარჩენილი ფინანსები აითვისონ.

„ეს დახმარებების პაკეტები გაგრძელდება ალბათ იქამდე, ვიდრე ფული ეყოფათ. თუ ეკონომოკურ კრიზისთან მიმართებაში არ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, გამოსავლამდე ასე ვერ მივალთ. უკვე მეხუთე თვეა, რაც პროცესი მიდის და მთავრობას არ აქვს არანაირი ხედვა სწორი ეკონომიკური ნაბიჯების მიმართულებით. ვხედავთ, რომ დღითიდღე ეკონომიკური კრიზისი შედის სიღრმეში. მომდევნო თვეში გასაშუალოებული მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდისა კიდევ უფრო შემცირდება და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივდივართ რეგრესის გზით. მივექანებით ფსკერისკენ და ფკერი სად იქნება, ეს არ ჩანს“, - განაცხადა გერლიანმა.

ეკონომისტი თვლის, რომ ამ ტიპის სოციალური პაკეტები ბოლო არ არის, მთავრობა კიდევ გააგრძელებს მას, რადგან მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ სოციალურ პაკეტში და არა ანტიკრიზისულ სოციალურ გეგმაში გაწერილი იყო, რომ დახმარება უნდა მიეღოთ დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, თუმცა ეს დახმარება 350 ათასის ნაცვლად, 100 000-მა ადამიანმა მიიღო.

„თანხა ვერ აითვისეს, ვინაიდან არასწორი მონაცემები ჰქონდათ, ასევე ზერელედ იყო ყველაფერი გათვლილი და ახლა დაიწყეს მორჩენილი ფინანსური რესურსის დაცლა. ჩვენ ვნახეთ ფერმერების დახმარება და სინამდვილეში რა გამოვიდა? ეკონომიკური ციკლი სამუშაოების იწყება გაზაფხულზე და ფერმერებს დახმარება მისცეს ივნისში. ფერმერებმა მიიღეს ქულები, მაგალითად 1000, რაც სახელმწიფოს დაუჯდა 1000 ლარი, ხოლო ფერმერს უკვე აღარ სჭირდებოდა და ეს 1000 ქულა გადაცვალა 300 ლარზე, პირდაპირი მნიშვნელობით. ზოგმა იყიდა მხოლოდ 500 ლარის საქონელი, რადგან 4-5 ლარიანი ფოცხი და ბარი მივიღეთ 13-15 ლარად, მოთხოვნა-მიწოდების წესებიდან გამომდინარე. საბოლოოდ, ფერმერების ნაცვლად გამოვიდა სასოფლო სამეურნეო გამყიდველების დახმარება. ეს იყო არასწორი პროგრამა“, - განაცხადა გერლიანმა.

გერლიანი აკრიტიკებს მშენებლობის სექტორსაც. მისი აზრით, იპოთეკის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა ძალიან კარგია, თუმცა მან ერთი სექტორისკენ ადამიანების მიზიდვით სხვა სექტორები დააზარალა.

"კერძოდ, თუ ვინმეს არ სურდა ბინის ყიდვა, ჰქონდა ფული, მაგრამ მიდიოდა დასასვენებლად, ან აპირებდა კიტრის და პომიდორის შეძენას, ახლა კარგი პირობების გამო შეიძენს ბინას და სამაგიეროდ ეს თანხა მოაკლდება ტურიზმის სექტორს.
„ანუ, თუ რამე შესაძლებლობა არსებობდა, ყველაფერი მშენებლობის სექტორში გადაიქაჩა“, - ამბობს გერლიანი.

ეკონომიკის ექსპერტი მთავრობას რამდენიმე რჩევას აძლევს:

პირველი, რაც უნდა გააკეთონ არის ის, რომ მოხდეს საფინანსო-საგადასახადო ამნისტია, იმისთვის, რომ ფული ჩარჩეს ეკონომიკაში;

საგადასახადო მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რაც შეამსუბუქებს საგადასახადო ტვირთს, მათ შორის საუბარია კრედიტის პროცენტზე;

„რაც შეეხება რესურსს, მე როგორც ვხედავ, ამის სურვილი აქვთ, თუმცა გონივრული რჩევების გათვალისწინება არ იციან. უსმენენ მხოლოდ ისეთ ექსპერტებს, რომლებიც უწევენ დათვურ სამსახურს. ქვეყანას ყავს ეკონომიკაში საკმაოდ კარგად ჩახედული და მცოდნე პრემიერ-მინისტრი. წესით და რიგით ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს მას საკითხები. მას უნდა ესმოდეს, რომ ბაზარზე უარყოფითი ჩარევა ყოველთვის მოგვცემს უარყოფით შედეგებს. ბაზარი იმისთვის არის, რომ ის მოქმედებს თავისუფალ გარემოში“, - განაცხადა გერლიანმა.