მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დელტამ“ "დელტა ტექსტილი" დააფუძნა, სადაც სამხედრო ფორმებს შეკერავენ

5f75878181ef1
ინგა მურუსიძე
01.10.20 13:28
1916
სამხედრო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ შპს „დელტა ტექსტილი“ დააფუძნა. როგორც bm.ge-ის თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „დელტა ტექსტილმა“ რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე, ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.

თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დღეს მხარეებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებით დაადასტურეს. დოკუმენტს ხელი  „დელტას“ დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა და „ჯეო-ემ-ტექს“-ის წარმომადგენელმა გრიგორი მორჩილაძემ მოაწერეს. მხარეებმა სურვილი გამოხატეს, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით ადგილობრივ სამკერვალო წარმოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობენ ხელს. საწარმო მზადყოფნას გამოთქვამს სამინისტროს დაკვეთები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით შეასრულოს, სამინისტრო კი, თავის მხრივ ფორმების იმპორტს ადგილობრივი ნაწარმით ჩაანაცვლებს.

ინფორმაციისთვის, „დელტა ტექსტილში“ ამჟამად 360 ადამიანია დასაქმებული.