მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დელტა" სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს €875,000-ად ყიდულობს

64185271e23a3
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.23 16:40
1163
თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" სეტყვის საწინააღმდეგო 2,500 რაკეტას 875,000 ევროდ შეიძენს - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.

შესყიდვა გამარტივებული ფორმით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შედგება. როგორც "დელტას" მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, გამარტივებული შესყიდვა განპირობებულია იმით, რომ მათ მიერ იანვარში გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც 5,000 რაკეტის 4.47 მილიონ ლარად შესყიდვა იგეგმებოდა, არ შედგა. ამიტომაც, კომპანია 2,500 რაკეტას 875,000 ევროდ შეიძენს.

“დელტას” განმარტებით ეს შესყიდვა აუცილებელია, რადგანაც გაზაფხულის სეზონისთვის ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში სეტყვის გააქტიურება არის მოსალოდნელი.

“მეტეოროლოგიური პირობების არამდგრადობისა და სეტყვასაშიში პირობების მასიურობის გამო, შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ზუსტი რაოდენობა, რაც შესაძლოა დასჭირდეს ცენტრს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის. მაგალითად, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2022 წლის სეზონის განმავლობაში, მარტიდან ივნისის თვის ჩათვლით გამოვიყენეთ 3321 ცალი რაკეტა, ხოლო ამ ეტაპზე მარაგის სახით გვაქვს 1750 ცალი რაკეტა. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ დამატებით 2500 ცალი რაკეტის შესყიდვა მეტ-ნაკლებად მოგვცემს საშუალებას თავი გავართვათ კრიზისულ სიტუაციას რთული მეტეოროლოგიური ვითარების დადგომის შემთხვევაში, დარჩენილი რაკეტების შესყიდვის მიზნით ტენდერის შედეგების დადგომამდე,”- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.