მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეპოზიტები იზრდება $-ში, სესხების გალარება ხდება - ესაა მთავარი ფაქტორი, რაც მოქმედებს ლარზე"

5dc55531411c2
თელარა გელანტია
08.11.19 18:10
1605
"დეპოზიტები იზრდება დოლარში, სესხების გალარება ხდება და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი, მთავარი ფაქტორი, რაც მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე", - ეს განცხადება Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა "ანალიტიკაში" გააკეთა.

კერძოდ, გადაცემის წამყვანი ელენე კვანჭილაშვილი დაინტერესდა, რა ძირეული შეცდომები დაუშვა მთავრობამ 2015 წლის შემდგომ, რაც  ქვეყანას იმის საშუალებას არ აძლევს, რომ ეკონომიკა 5%-ზე მეტად გაიზარდოს.

"ბოლო პერიოდს რომ შევხედოთ, ცალსახად ნეგატიური გავლენა აქვს ლარის გაუფასურებას მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა, ლარიზაციის ღონისძიებები გრძლევადიან პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ეკონომიკისთვის, თუმცა რასაც ვუყურებთ მოკლე პერიოდში, ვხედავთ, რომ ეროვნულ ბანკს უფრო დაბალანსებული მიდგომა სჭირდებოდა ამ მიმართულებით, რადგან ძირითადად, რა მონაცემებიც ახლა ჩანს, ვხედავთ, რომ მაროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია, ამიტომ ლარის ზედმეტ გაუფასურებას ძირითადად ვუკავშირებთ იმას, რომ ლარის მიმართ უნდობლობაა. შესაბამისად, დეპოზიტები იზრდება დოლარში, სესხების გალარება ხდება და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი, მთავარი ფაქტორი, რაც მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე, ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სებ-ის პოლიტიკა რაც 2017 წლიდან დაიწყო, უფრო დაბალანსებული უნდა ყოფილიყო", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

გარდა ამისა, Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა თემაზე საუბრისას გამკაცრებული რეგულაციების ფაქტორიც გამოყო.

"მეორე ფაქტორი, რაც ეკონომიკის ზრდაზე მოქმედებს, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ გამკაცრებული რეგულაციებია; გაურკვევლობები მოქმედებს ბიზნეს გარემოზე და მათ შორის ჩვენი ეკონომიკის ზომაზე, ეს ჩანს FDI-ის შემცირებაში და იმასაც ვხედავთ, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც უნდა დაებალანსებინა, მაგალითად, BP-ის გაზსადენის დამთავრება და შენარჩუნებულიყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაღალ დონეზე, არ ხორციელდება, ამიტომ ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია და ვალუტის კურსის დასტაბილურებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განმარტა ევა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის: EBRD-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე და მომავალ წელს ერთი და იგივე ნიშნულით - კერძოდ, 4.5%-ით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს ასევე 4.5%–იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, 2020 წელს კი – 5%-ს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი, საქართველოში 2020 წელს უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას ელის, ვიდრე ეს თავდაპირველად ივარაუდა. IMF პროგნოზს 4.8%-დან 4.3%-მდე ამცირებს.