მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეველოპერული სექტორი არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავს"

5ffc31499c2f2
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.21 09:40
1034
ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში ერთ-ერთი სექტორი, რომელმაც სახელმწიფოს მხარდაჭერა მიიღო, სამშენებლო სექტორია. ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი კი ამ პროცესში იპოთეკური სესხების სუბსიდირება იყო.

Colliers International Georgia-ს იპოთეკური სესხების სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამის მიმოხილვის მიხედვით, სუბსიდირების პროგრამით 1 ივლისიდან 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემული 5 636 სესხის ჯამური მოცულობა, დაახლოებით, 543 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარს შეადგენდა და სახელმწიფო მსესხებლებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე გაცემული სესხების პროცენტის 4%-ს 5 წლის განმავლობაში უსუბსიდირებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 2021 წელს აღარ გაგრძელდება.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, სუბსიდირების პროგრამის შეწყვეტა კრიზისულ პერიოდში ბაზრის კაპიტალიზაციის შემცირებას გამოიწვევს.

„სამშენებლო სექტორში ფასები ძალიან დავარდება. კაპიტალიზაცია დაეცემა, ცუდი ეკონომიკური პროგნოზი მაქვს ძალიან.

სუბსიდირების პროგრამამ მოიტანა ის, რომ შევინარჩუნეთ უძრავ ქონებაზე ფასები ანუ კაპიტალიზაცია. უძრავ ქონებაზე ფასი, ეს არ არის მხოლოდ დეველოპერის ფასი, გასაყიდი ფასი რომ გაიაფდება, მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებიც გაიაფდება, ანუ მოსახლეობაც გაღარიბდება, შესაბამისად მხოლოდ დეველოპერი კი არა, მთელი ქვეყანა გაღარიბდება“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

სამშენებლო სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ პროცესები ჯაჭვური პრინციპით განვითარდება და გაყიდვების შემცირებას და ღირებულების ვარდნას დასაქმებულთა გათავისუფლება მოჰყვება.

„მოთხოვნის შემცირების გამო ბინების მიწოდება შემცირდება. პირობითად თუ დეველოპერული სექტორი თვეში 2 000 ბინას ყიდდა, ახლა თუ შემცირდა გაყიდვები, ჩვენ გასაყიდად გამოვიტანთ 1 000-სს. დეველოპერი აღარ ჩადებს იმ ფულს ბინებში, რომელიც არ იყიდება, ჩვენ ავაშენებთ იმდენს, რამდენი გაყიდვაც იქნება. თუ ვთქვათ, 2-ჯერ შევამცირე მშენებლობა, დასაქმებულთა რაოდენობაც 2-ჯერ შემცირდება, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამბობს როსტომაშვილი.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავს, რადგან ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს.

„არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, ვიღაც რაღაც ნაბიჯებს ხომ უნდა დგამდეს, არანაირი მუშაობა ამასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება დარგს, დეველოპმენტი შეამცირებს ბრუნვასა და მიწოდებას და მოერგება ბაზარს. ამ ქვეყანაში პროგნოზები ვერ კეთდება, პროგნოზების გაკეთება შესაძლებელი მაშინ, თუ ეკონომიკას აქვს სტაბილურობა“, - უთხრა bm.ge-ის ირაკლი როსტომაშვილმა.