მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეველოპმენტში სერიოზული პროგრესი მოხდა“ - რას სთავაზობს „თეთრი კვადრატი" მომხმარებელს

60c49500b116b
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 10:15
827
დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატში“, რომელიც ბაზარზე, დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოჩნდა, მიიჩნევენ, რომ საქართველოში დეველოპერული სექტორი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. კომპანიის 11-წლიანი გამოცდილების მქონე მმართველი პარტნიორები თვლიან, რომ მშენებლობის ხარისხის მიმართ მარეგულირებლის მხრიდან დაწესებულმა მოთხოვნებმა და ამავე დროს, თავად მომხმარებლის მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნებმა ბაზარი განავითარა. ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა.

„დღეს დეველოპერი მოთხოვნებს რომ არ პასუხობდეს, ის ბაზარზე ფიზიკურად ვერ იარსებებდა ანუ ვერ გადარჩებოდა. ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული პროგრესი მოხდა, როგორც პროდუქტის ხარისხის, ასევე შეთავაზებების კუთხით. მთელი თბილისის მასშტაბით ძალიან გავრცელდა ენერგოეფექტიანი მშენებლობები, რაც ოჯახებს საბოლოო პროდუქტის მიღების შემდეგ სერიოზულ დანაზოგს აძლევს; ასევე დანერგილია სახანძრო უსაფრთხოების ახალი ნორმები, რომლებიც ევროპულ ნორმებს შეესაბამება“, - განაცხადა ბურდილაძემ.

„თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი კი მიიჩნევს, რომ ბაზრის განვითარებაზე მნიშვნელოვანი როლი კონკურენციამაც ითამაშა.

„გარდა იმისა, რომ მარეგულირებლის მხრიდან მოთხოვნები სახანძრო უსაფრთხოების, ენერგოეფექტიანობის, არქიტექტურის, ვიზუალური თვალსაზრისითაც დაიხვეწა, ამასთანავე, მოთამაშეების რაოდენობაც ბაზარზე ბევრია, რაც კონკურენციას ზრდის და ამით მომხმარებელი მხოლოდ იგებს, არამხოლოდ ფასის თვალსაზრისით, არამედ ხარისხის თვალსაზრისითაც და დროულად მიწოდების მხრივაც. ახლა ბაზარი ბევრად უფრო განვითარებულია“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

ირაკლი ბურდილაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ბაზარზე ცოტა ხნის წინ გაჩნდა, მის გუნდს დეველოპერულ სექტორში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ ისინი მომხმარებელს მოქნილ და მისაღებ პირობებს შესთავაზებენ.

„თეთრი კვადრატი“ კლიენტზე მორგებული, მოქნილი ბრენდია, რომელიც სხვადასხვა მოთხოვნას ითვალისწინებს, რაც შეიძლება, სხვადასხვა სახეობის კლიენტს გააჩნდეს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უძრავ ქონებაში ყველაზე მთავარ ფაქტორს - ლოკაციას ვუთმობთ. დღეს „თეთრი კვადარტის“ ბრენდით საბურთალოზე შარტავას ქუჩაზე ერთი დიდი პროექტი ყოფილი „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობის ბაზაზე ხორციელდება. ჩვენ ამ დაუსრულებელ მშენებლობას დავასრულებთ და 400 ოჯახს, რომელიც 2008 წლიდან ელოდება, ნანატრი ბინა ჩაბარდება. ამასთან, ერთად ვაშენებთ ცალკე ახალ თაუერს, რომელიც „თეთრი კვადრატის“ ბრენდით გაიყიდება; აქ იქნება გათვალისწინებული დარგში დაგროვილი 11-წლიანი გამოცდილება, რაც საბოლოო პროდუქტში აისახება.

საბურთალო თბილისში საცხოვრებელი უბნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და ეს პროექტი საბურთალოს გულში ხორციელდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის კონკრეტულ ფენაზეა მორგებული. ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი მოქნილობაა. შეგვიძლია ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნებს მოვერგოთ და ბინები ნებისმიერი კატეგორიისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ძირითადად, საცხოვრებელი ფართებია და მცირე ნაწილი დათმობილია საოფისე ფართებისთვის და პირველ სართულზე განთავსებული იქნება კომერციული ფართები“, - განმარტა ირაკლი ბურდილაძემ.

კომპანიის მმართველი პარტნიორი „ბიქეი კონსთრაქშენის“ 30-წლიან გამოცდილებაზე საუბრობს, რომლის ქოლგის ქვეშაა 1 წლის წინ ამოქმედებული „თეთრი კვადრატი“.

„ბიქეი კონსთრაქშენი“ არის კომპანია, რომელსაც სამშენებლო პროცესების მართვის და წარმოების 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 1 მლნ-ზე მეტი კვადრატი აქვს აშენებული და გარდა „თეთრი კვადრატის“ საცხვრებელი ბინების პროექტებისა, 12 სხვადასხვა სახის პროექტს ვახორციელებთ, რითიც დღეისთვის მიმდინარე რეჟიმში 0.5 მლნ კვადრატს ვაშენებთ.

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობისას სწორედ ამ გამოცდილების გამოყენება ხდება. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს თბილისში, ქუთაისში, სვანეთში, გვქონდა ასევე კახეთში პროექტები. ჩვენს პორტფელს მიეკუთვნება ისეთი სასტუმროები, როგორიც არის "რედისონი წინანდალში", „მერიოტ მოქსი“, ორი „რამადა“, - განმარტა შოთა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის: თეთრი კვადრატი“ ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანიაა. „ბიქეი ჰოლდინგი“ კი აერთიანებს სამშენებლო კომპანია „ბიქეი კონსთრაქშენს“ , სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს და დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატს“. გარდა ამისა, "ბიქეი ჰოლდინგმა" განახორციელა ინვესტიცია, ენერგოეფექტიანი და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკის მწარმოებელ ქარხანაში.