18.ივნისი .2021 16:54

"დღეს ავტობუსის მძღოლები უკეთეს პირობებში არიან, ვიდრე მიკროავტობუსების" - ტრანსპორტის პროფკავშირი

"დღეს ავტობუსის მძღოლები უკეთეს პირობებში არიან, ვიდრე მიკროავტობუსების" - ტრანსპორტის პროფკავშირი
views 677
უკან

მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მერია მიკროავტობუსების პარკს სრულად განაახლებს. დღეს ქალაქში 300 ახალი, ლურჯი მიკროავტობუსი გადაადგილდება, წლის ბოლომდე კი ავტოპარკს კიდევ 700 ახალი მიკროავტობუსი შეემატება.

დღეს საპროტესტო აქცია ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლებმა გამართეს. ისინი ლურჯი მიკროავტობუსის მძღოლების მსგავს შრომის პირობებს და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მხრიდან ტრანსპორტის მათ საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რაც თბილისის საკრებულოს მიღებული შესაბამისი ბრძანებით არის გათვალისწინებული.

მძღოლების აქციის შემდეგ BM.GE დღეს "თბილისის მიკროავტობუსს" დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში ჯერ არ იციან, ექნებათ თუ არა მძღოლების პროტესტზე რაიმე პოზიცია. 

ტრანსპორტის პროფკავშირის ინფორმაციით კი, ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი სავარაუდოდ 1 ივლისიდან უნდა დაიწყოს.

ლავრენტი ალანია BM.GE-სთან სატრანსპორტო სფეროში სხვა პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ლურჯი მიკროავტობუსებით, ასობით ადამიანი, რომელიც ე.წ დისპეჩერად, არაფორმალურად იყო დასაქმებული და მძღოლების კეთილ ნებაზე იყვნენ დამოკიდებულნი, შემოსავლის გარეშე დარჩებიან და შესაბამისმა სამსახურებამ ამ ადამიანების დასაქმებაზეც უნდა იზრუნონ.

გარდა ამისა საზოგადოებრივი ტრანპორტის სფეროში განსხვავებული შრომის პირობები მოქმედებს. კერძოდ, როგორც ალანია განმარტავს, დღეს ავტობუსის მძღოლები ბევრად კარგ პირობებში არიან, ვიდრე მიკროავტობუსების მძღოლები, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი სამუშაო პირობები გათანაბრდეს.

„ავტობუსის მძღოლები იღებენ მეცამეტე ხელფასს, არსებობს საათობრივი ანაზღაურება, ასევე ორმაგი ანაზღაურება დღესასწაულებზე, უნაზღაურდებათ ასევე ზეგანაკვეთური საათები, ღამის საათებში სხვა ტარიფი მოქმედებს და ხდება ასევე კომპანიის მიზეზით მძღოლების მოცდენის ანაზღაურება. ვფიქრობ, მათ პირობებს უნდა გაუთანაბრდეს მიკროავტობუსის მძღოლების პირობები. გასარკვევია ასევე რამდენად ადექვატურია მიკროავტობუსების ფიქსირებულ საათობრივ ანაზღაურებაზე გადაყვანა. ამ მიმართულებით "თბილისის მიკროავტობუსთან" მუშაობა დაწყებული გვაქვს და იმედია, მომავალი თვიდან რაიმე შეთანხებას მივაღწევთ“-აცხადებს ალანია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა