მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს ბევრი ადამიანია ჭკვიანი, აქტიური, მაგრამ ვერ პოულობს ნიადაგს და მიდის საზღვარგარეთ"

5ef72bd4ddc39
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.20 09:00
1189
რაღაც პერიოდში გადავწყვიტე ინვესტიციები გამეკეთებინა საქართველოში. კახამ (ბენდუქიძემ) რევოლუციური ძვრები გააკეთა საქართველოში და ჩემთვის ეს ნიშანი იყო, - ამის შესახებ კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე "Forbes კვირასთან" რუსეთის შემდეგ საქართველოში მისი ბიზნესსაქმიანობის დაწყების შესახებ საუბრისას აცხადებს.

ის კახა ბენდუქიძის მიერ გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მის პერიოდში საკანონმდებლო ბაზა პრობიზნესური გახდა.

"დღეს ბევრი ადამიანია ჭკვიანი, აქტიური, მაგრამ ვერ პოულობს ნიადაგს და მიდის საზღვარგარეთ. საქართველოში არ არის ელიტა, რომელმაც უნდა შეისრუტოს ეს ხალხი და განვითარდეს. ეს დიდი პრობლემაა.

კახას დროს ტრენდი იყო, რომ ყველაფერი ვითარდებოდა, საკანონმდებლო ბაზა მოდიფიკაციას განიცდიდა, რომ უფრო პრობიზნესური ყოფილიყო. მაგალითად, შევარდნაძის დროს ბევრი რამ საბჭოთა კავშირიდან იყო გადმოყოლილი და აქ მოხდა კორუფციის თვალსაზრისით დიდი ნაბიჯის გადადგმა და მთავრობაში ჩინოვნიკური გავლენის შესუსტება", - ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

სწორედ ამ გარემომ უბიძგა ბიზნესმენს ქვეყანაში, სადაც ყველაფერი დანგრეული იყო, ბიზნესის შენება ნულიდან დაეწყო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწყვიტა მეფრინველეობის მიმართულებით ბიზნესის წარმოება, რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ეს დარგი ბევრი სხვა დარგის განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

"დასაწყისში 500 მლნ დოლარის ინვესტიციის გაკეთება მინდოდა, იმიტომ რომ საქართველოში თითქმის ყველაფერი დანგრეული იყო და ეს იძლეოდა საშუალებას, რომ ნულიდან ბევრი ახალი რამ შეგვექმნა, ბევრი ახალგაზრდა დამესაქმებინა და სხვადასხვა მიმართულებები განმევითარებინა.

რატომ ქათამი? – იმიტომ რომ ის ხელმისაწვდომი პროდუქტია. ტექნოლოგიურად თანამედროვე ქათმის წარმოება საკამოდ რთულია, შესაბამისად ამ ტექნოლოგიის ათვისებით ქვეყანა ახალ დონეზე ადის. ამ საკითხის განხილვამდე მეფრინველეობასთან არანაირი შეხება არ მქონია.

100 მლნ დოლარი ჩავდეთ მეფრინველეობის კლასტერში, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ გავამრავლოთ, ვთქვათ დასავლეთ საქართველოში, რომ წარმოება უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. ეს საშუალებას გვაძლევს ექსპორტზეც გავიტანოთ პროდუქცია - ეს ერთი და მეორე ის არის, რომ მეფრინველეობა იზიდავს ხორბლის, სიმინდის წარმოებას. ეს რომ განვითარდეს, საქართველოს ეკონომიკა სულ სხვა დონზე იქნება", - განმარტა "ჩირინას" დამფუძნებელმა.