მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს ეს აწუხებს ბიზნესს" - ინფრასტრუქტურული კომპანიები ფასთა ინდექსაციას ითხოვენ

6335c099b1bf2
ელენე გოგბერაშვილი
29.09.22 22:35
817
მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ფასთა ინდექსაციის, როგორც ერთჯერადი ღონისძიების შემოღების გადაწყვეტილება ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად, რამდენიმე თვის წინ მიიღო. ის მხოლოდ 1-ელი აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებსა და 1-ელ მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებზე გავრცელდა. ბენეფიციარებს ამ მხარდამჭერის მექანიზმით ამ დრომდე არ უსარგებლიათ, რადგან ჯერ „საქსტატმა“ ინდექსაციის მექანიზმის პროგრამული უზრუნველყოფის მოდელი უნდა აამოქმედოს.

ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ სამშენებლო მასალის ფასების ცვლილება დააკომპენსიროს და შესაბამისად, გაზარდოს (ან შეამციროს) პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. შესაბამისად, სამშენებლო მასალების ღირებულების ზრდის შემთხვევაში სექტორის წარმომადგენლებს ეს მექანიზმი საშუალებას მისცემს აინაზღაურონ განსხვავება საკონტრაქტო და მიმდინარე ფასს შორის.

ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობს, აქტიურად ითხოვს ფასთა ინდექსირების, როგორც გრძელვადიანი მექანიზმის შემოღებას. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის განმარტებით, ბაზარზე ფასების ცვლილების გამო ბევრი კომპანია სახელმწიფო ტენდერებში სწორედ ამიტომ არ შედის, რადგან ფასების ცვლილების შემთხვევაში კონტრაქტი ასეთი რისკების დაზღვევის მექანიზმს არ ითვალისწინებს.

„ჩვენი მოთხოვნაა, იმისთვის, რომ კომპანიებს კვლავ ჰქონდეთ მოტივაცია ტენდერებში შესვლის , ინდექსაცია უნდა იყოს მუდმივი მექანიზმ. რა თქმა უნდა გრძელვადიან კონტრაქტებში სხვა მექანიზმით, ვიდრე ეს ერთჯერად აქტშია. ეს ხელს შეუწყობს ერთი მხრივ კომპანიებს შევიდნენ ტენდერებში და მეორეს მხრივ დამტკიცებული ფაქტია, რომ ეს ფასების ხელოვნურ ზრდას არ იწვევს, რადგან კომპანია ამ რისკ ფაქტორს თავის მოგებაში აღარ დებს და უფრო რეალური ფასით შედის ტენდერში. ეს [საკითხი] აწუხებს დღეს ბიზნესს, ამიტომ არ შედის ბევრი ტენდერში, ან თუ შედის და რისკს იღებს თავის თავზე, მერე ძალიან სავალალო შედეგის წინაშე დგება"- აცხადებს ანა საბახტარაშვილი.

ინდექსაციის შემოღების აუცილებლობა დღის წესრიგში ასევე დააყენა სახელმწიფო პროგრამა“ მშენებლობა განვადებით“ დაწყებამაც, რა დროსაც ბიზნესს, პროექტების დაწყება ავანსის გარეშე, საკუთარი ხარჯებით უწევთ. როგორც კომპანია „ინსის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, ინდექსაციის გარეშე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელება წარმოუდგენელია, რადგან რთულია განსაზღვრო დღეს ის ფასი, თუ რა იქნება წლების შემდეგ, როცა სახელმწიფო კომპანიას გაწეულ მომსახურებას აუნაზღაურებს.

"წარმოიდგინეთ, სახელმწიფო გარანტია არ არსებობს... უბრალოდ არის ხელშეკრულება სახელმწიფოსთან, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ გადაგიხდის, მაგრამ ეს არ არის კლასიკური გარანტია. ამიტომ უნდა იყოს ინდექსაცია გათვალისწინებული, 3 წლის მერე რომ უნდა გადაგიხადონ პირობითად და ღმერთმა არ ქნას და ხომ შეიძლება ლარის ისეთი რყევა მოხდეს ან მასალებზე ფასები ისე გაიზარდოს, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება დღევანდელი ფასებით 3 წლის მერე [ოპერირება] ან მერე რომ გადაგიხდიან დღევანდელი ფასებით, შეიძლება დიდ ზარალში იყოთ. რა თქმა უნდა ინდექსაცია აუცილებელი პირობაა, რომელიც უნდა იყოს ამ ტიპის პროექტებში. ამაზე ვსაუბრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ გაითვალისწინებენ“,-აცხადებს ზვიად თოიძე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ჯერ ამ საკითხზე არ უმსჯელია, თუმცა როგორც ლევან ვეფხვაძე განმარტავს, თუ არსებული მოდელი იმუშავებს, ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ ის გრძელვადიან ურთიერთობებზეც გავრცელდეს.

„თავისთავად ინდექსაცია, თუ სამუშაო მასალების ინდექსი აქამდეც არსებობდა სტატისტიკის სამსახურში, და ჩვენ ამას არ ვიყენებდით, არასწორი იყო. ინდექსი ნიშნავს თავისთავად იმას, რომ დამოუკიდებელი მესამე მხარე მეუბნება, გაძვირდა თუ არ გაძვირდა სამშენებლო მასალა. ახალ მოდელში მხოლოდ სამშენებლო მასალაზე არ ვსაუბრობთ, აქ საუბარია ტრანსპორტზე, სამუშაო ძალაზე. ცხადია მეთოდოლოგიაზე ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრა. ამ შემთხვევაში სტატისტიკის სამსახური ეყრდნობოდა არსებულ ხარჯთაღრიცხვებს, მაგრამ გარკვეული დევიაციები ყოველთვის არსებობს, ამიტომ რომ არ გაჩნდეს კითხვები შავ ყუთში შიგნით რა დევს, ამაზე ცხადია კიდევ გვექნება შეხვედრები.

თუ დავინახავთ, რომ რაღაც კარგად არ მუშაობს, ამის ადაპტირებაზე, გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ, და მერე უნდა ვიფიქროთ ეს გაუმჯობესებული მოდელი განვავრცოთ საერთოდ გრძელვადიან ურთიერთობებზე. აქ ლაპარაკი იქნება, რა ვადიან კონტრაქტებზე გავრცელდეს, რა მოცულობით შეიძლება გავრცელდეს, ღირებულების რამდენ პროცენტზე და ა.შ მე ვფიქრობ, სახელმწიფოსთვისაც ეს უნდა იყოს საინტერესო, თუ ფასები იაფდება, შესაბამისად თანხა არასწორად იხარჯება იმ გაგებით, რომ იმაზე მეტი იხარჯება ვიდრე სამუშაო მასალა ჯდება. ეს სახელმწიფოსთვისაც საინტერესოა, ამიტომ კომპლექსურად უნდა მივხედოთ ამ პრობლემებს“,-აცხადებს ასოციაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე.

რაც შეეხება იმ მოდელს, რაც მთავრობამ ბიზნესს შესთავაზა, ფასთა ინდექსაცია შეეხება სამუშაოების ღირებულების მაქსიმუმ 70%-ს, უშუალოდ ასანაზღაურებელი თანხა კი ამ დადგენილი ზღვრის 10%-ს არ აღემატება. როგორც ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ამბობს, 10%-იანი ჭერი შეიძლება კომპანიების ზარალს სრულად ვერ ანაზღაურებს, თუმცა არაფერთან შედარებით რა თქმა უნდა კარგია.

„მოგვწონს არ მოგვწონს, ეს უკვე ფაქტია, გვაქვს დოკუმენტი. ჭერი 10% შეიძლება სრულად ვერ ანაზღაურებს იმ ხარჯებს, მაგრამ იმაზე კარგია, ვიდრე არაფერი და სრული ზარალი“,-განმარტა ვეფხვაძემ.