13.თებერვალი .2020 10:15

"დღეს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ბანკებთან ურთიერთობა უჭირთ" - კინოკლასტერის დირექტორი

views 240
უკან

ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ამ ეტაპისთვის ბანკებთან ურთიერთობა ძალიან რთულია, - ამის შესახებ BM.GE-ის USAID-ის მიერ გამართულ ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმზე კინოკლასტერის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ვაშაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, დღეისთვის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რთულია, ვინაიდან საფინანსო ინსტიტუტები მათ არა როგორც კინოინდუსტრიის ნაწილს, არამედ როგორ ჩვეულებრივ ბიზნესს ისე აღიქვამენ.

„ეს განიხილება როგორც ჩვეულებრივი მორიგი ბიზნესი. შესაბამისად, საინტერესო იქნება, რომ ბანკებმა ამ ინდუსტრიას შეხედონ როგორც ეკონომიკის სექტორს, რომელიც პოტენციურად ძალიან ზრდადია, შესაბამისად, სპეციალური პროგრამები შექმნან იგივე ლიზინგის მიმართულებით, აპარატურის შეძენაზე თუ სხვა მიმართულებით“, - ამბობს დავით ვაშაძე.

კინოკლასტერის აღმასრულებელი დირექტორი USAID-ის მიერ გამართულ ღონისძიებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს მისცემს სექტორის წამომადგენლებს საშუალებას, მოიძიონ დაფინანსების ალტერნატიული გზები.

„ქართული კინო სახელმწიფოს მხრიდან ეროვნული კინოცენტრის მიერ ფინანსდება, რაც არის ძალიან მცირე დაფინანსება. კინოინდუსტრიამ დაამტკიცა, რომ ეს არ არის მხოლოდ კულტურის ერთ-ერთი სფერო, ეს არის დიდი აუდიო-ვიზუალური ინდუსტრიის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია მომგებიანიც იყოს. ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა ისეთ დაფინანსებაზე იფიქრონ, რომელზეც აქამდე არ უფიქრიათ, მხოლოდ სახელმწიფოზე არ იყვნენ დამოკიდებულნი და სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენონ თავისი კაპიტალის თუ სტუდიების განვითარებისთვის“, - განმარტა კინოკლასტერის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ჩაერთოს სესხის თანადაფინანსების კუთხით, ისე როგორც ეს სხვა სექტორებში ხდება.

„მაგალითად, ტურიზმის მიმართულებით არსებობს სახელმწიფოს თანამონაწილეობა სესხის დაფარვის კომპონენტში, ასეთი მხარდაჭერა თუ იქნება კინოს მიმართულებითაც, სტუდიების აშენებასა თუ აპარატურის შეძენაზე, იქნება ძალიან კარგი", - აცხადებს ის. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა