25.ივნისი .2022 21:25

"დღეს კომპანიებს არ აქვთ საშუალება დასაქმებულებს უფრო მაღალი ხელფასები შესთავაზონ"

"დღეს კომპანიებს არ აქვთ საშუალება დასაქმებულებს უფრო მაღალი ხელფასები შესთავაზონ"
views 1023
უკან

ტურიზმის სექტორი პანდემიის შემდგომ აღდგენას იწყებს. ამ მხრივ გამორჩეული იყო მაისი, როდესაც საქართველოში 319 800 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 205%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ეს ტურიზმის 52%-იანი აღდგენაა.

ამის გათვალისწინებით სტუმარმასპინძლობის სფეროში სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა იზრდება. დღეს ეს სფერო იმაზე გაცილებით ნაკლებ ადამიანს ასაქმებს, ვიდრე 2019 წელს, როდესაც ქვეყანა 9 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობდა.

სტატისტიკის მიხედვით, სტუმარმასპინძლობის სექტორში ამჟამად 33 400 ადამიანი მუშაობს, მაშინ როდესაც 2019 წელს ის 48 800-ს ასაქმებდა.

"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ სექტორში კადრების დეფიციტის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ კადრების გადინების პროცესი შენარჩუნდება, სხვადასხვა გამოწვევის პირობებში კი ბიზნესი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ინვესტირებას ვერ ახერხებს.

მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ, კვალიფიციურმა კადრებმა გარდა ქვეყნის დატოვებისა, სამუშაო პროფილიც შეიცვალეს, რამაც თავის მხრივ ტურიზმის ინდუსტრია დააზარალა.

ვატო ასათაშვილი ანაზღაურების ნაწილზეც საუბრობს და ამბობს, რომ კომპანიებს უფრო მაღალი ხელფასების შეთავაზების საშუალება არ აქვთ.

„იქამდე, სანამ დარგი აღდგენას დაიწყებს ბიზნესს უამრავი გამოწვევა აქვს, მათ შორის საბანკო ვალდებულებები, აქტივების მართვა და შენარჩუნება, მდგრადობის მინიმალური სტრატეგიის დაგეგმარება. ამის ფონზე რთულია კომპანიას მოსთხოვო კადრების განვითარებაზე იზრუნოს, როდესაც გადინების ტენდენცია გრძელდება. რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, ჩვენ თუ 2019 წელს და დღევანდელ დღეს შევადარებთ, ლარის კურსის, ინფლაციის, კომუნალური გადასახადების ზრდის გამო, გინდა არ გინდა ლარში აღებული ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე 2019 წელს იყო. თუმცა მსყიდველუნარიანობა ამ თანხას უფრო დაბალი აქვს. სამწუხაროდ, დღეს კომპანიებს არ აქვთ საშუალება კადრებს უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზონ“, - ამბობს ასათაშვილი

BM.GE-ს შეკითხვას თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას სტუმარმასპინძლობის სექტორში კადრების დეფიციტის პრობლემა ასათაშვილი ასე პასუხობს:

„სანამ იმ სპირალიდან არ გამოვალთ, რომელიც ქვემოთ გვექაჩება, არ გვექნება სურათი იმის, თუ როდის დავუბრუნდებით ჯანსაღ კონკურენციას. ველურ კონკურენციაში გვიწევს მუშაობა - ყველა ქვეყნიდან გასვლას ცდილობს. ამ პირობებში იმაზე საუბარი, რომ პერსონალს კვალიფიკაცია ავუმაღლოთ არა რელევანტურია და 2022 წლის განმავლობაში კომპანიები ამაზე ფიქრს ვერ დაიწყებენ.

ასეთ პირობებში, როდესაც კერძო სექტორი სუსტია სახელმწიფოს შეუძლია წვლილის შეტანა. ჩვენ 2021 წელსაც ვამბობდით, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის პრიორიტეტები უნდა გადახედილიყო და მაგალითად, იმ თანხების 70-80%, რაც მარკეტინგულ აქტივობებში იხარჯება ადგილობრივი კადრის კვალიფიკაციის ამაღლებას უნდა მოხმარებოდა. ეს უნდა იყოს მოკლევადიანი ტექნიკური კურსები, რათა დამწყებმა რგოლმა მუშაობის დაწყებისთვის საჭირო უნარები მიიღოს“, - ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა