მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს მოქმედი კანონი ვერ მუშაობს" - როგორ უნდა მოხდეს უხარისხო საწვავის ბაზრის რეგულირება?

5f0f0654736d9
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.20 09:40
1090
"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა" კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც უხარისხო საწვავის იმპორტს, წარმოებასა და რეალიზაციის სანქცირებას ეხება, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კანონის გამკაცრება ბაზარზე არსებულ კონკურენციას გააჯანსაღებს და ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს.

„დღეს მოქმედი კანონი, რომელიც საჯარიმო სანქციებს მოიცავდა, რეალურად ვერ მუშაობდა. მას შემაკავებელი ფაქტორი არ ჰქონია... ჩემი აზრით, საჭიროა ამ კუთხით კანონის გამკაცრება და ადმინისტრირების გაძლიერება - უფრო ხშირი და ყოვლისმომცველი კონტროლი უნდა მოხდეს. ეს იქნება პრევენცია და იმის გარანტი, რომ ამ მიმართულებით რეალური შედეგი მივიღოთ. რელური შედეგი კი არის ეკოლოგიისა და კონკურენტული გარემოს დაცვა“, - უთხრა BM.GE-ს ვანო მთვრალაშვილმა.

როგორც "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე განმარტავს, ბაზარზე ისეთი მძიმე სურათი, როგორიც დღეს არის, წინა წლებში არ ყოფილა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ რამდენჯერმე ჩატარებული კვლევის შედეგად მკვეთრი სურათი გამოიკვეთა. მათ ანგარიშებში ჩანს, რომ რამდენჯერმე განხორციელებული კონტროლის შედეგად, ყოველი აღებული 3-4 სინჯიდან ერთი არ შეესაბამება ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი საწვავის ხარისხობრივ ნორმებს.

მსგავსი კვლევები წინა წლებშიც ხორციელებდებოდა, მაგრამ ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა. ჩატარებულმა კვლევებმა გამოკვეთა ვითარება, რომელიც ნამდვილად ყურადსაღებია. აქედან გამომდინარე შეადგინეს კანონპროექტი“, - აღნიშნავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე.

მისივე განმარტებით, უხარისხო საწვავის იმპორტისგან და რეალიზაციისგან ბაზრის დაცვა ეხება როგორც დიდ, ასევე მცირე ბიზნესსუბიექტებს და ის ეკოლოგიურ და კონკურენტულ გარემოს გააუმჯობესებს, რაც მნიშვნელოვანია.

„თუ იმპორტირებულ საწვავი არ შეესაბამება მთავრობის მიერ დადგენილ ნორმებს ეს პირველ რიგში ეხება ეკოლოგიის საკითხს, იმიტომ რომ საწვავი არის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი ატმოსფერული ჰაერის, შესაბამისად ეს არის სოციალურად მნიშნელოვანი საკითხი.

მეორე საკითხი არის ინდუსტრიაში კონკურენტული გარემოს დაცვა. ის მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც იმპორტს, წარმოებას ან რეალიზაციას ახდენენ უხარისხო საწვავის, ისინი ხელს უწყობენ იმას, რომ შეიქმნას არაკონკურენტული გარემო. ამიტომ ეს საკითხის ამ მიმართულებითაც წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.