მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღევანდელი ბიუჯეტი იმიტომაა კრიზისული, რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტი არსებობდეს წლების განმავლობაში"

5edfcdae2ad16
BM.GE
09.06.20 23:20
897
დღეს წარმოდგენილი ბიუჯეტი იმიტომ არის კრიზისული, რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტი არსებობდეს წლების განმავლობაში. ჩვენ მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ სვლა და დავუბრუნდეთ იმ პარამეტრებს, რასაც განვითარებაზე, მაკროეკონომიკურ და ფისკალურ სტაბილურობაზე აწყობილი ბიუჯეტი ჰქვია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე საუბრისას.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შექმნილი ვითარების გამო, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მასშტაბური ცვლილებები შევიდა.

„როდესაც საუბარია ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, უნდა გავითვალისწინოთ, რა არის ამ დოკუმენტის მთავარი მახასიათებელი. ცვლილებები იმდენად მასშტაბურია, რომ არსებულ ბიუჯეტთან სხვაობაა რიცხვებში, სხვაობაა კონცეპტუალურადაც. ჩვენ პრაქტიკულად, ვსაუბრობთ ახალ ბიუჯეტზე. რა არის ეს ახალი ბიუჯეტი, რით ხასიათდება? ჩვენ ჩვეულებრივ, ბიუჯეტს ვაწყობდით იმ სულისკვეთებით, რომ კაპიტალური ხარჯები იყო ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი, რაც ქვეყნის განვითარებისა და სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის იყო გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. ამავდროულად, გვქონდა დაბალი დეფიციტი და 2,5 პროცენტი, პრაქტიკულად, არის ისეთი დეფიციტი, რომელიც არ ზრდის ვალს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. პირიქით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ვალი გიმცირდება კიდეც. ახლა, ეს ფილოსოფია შემოტრიალდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ თავს უფლება მივეცით, რომ გაგვეზარდა დეფიციტი. დავიწყოთ კაპიტალური ხარჯების შეზღუდვა და ძირითადი ნაწილი წამოვიღოთ სოციალურ და საკომპენსაციო პაკეტებზე, იმიტომ რომ ეს არის კრიზისი, ეს არის ცეცხლის ჩაქრობა და როდესაც გაქვს ეს გამოწვევა, ცდილობ, რომ პირველ რიგში, ჩააქრო ცეცხლი, დაასტაბილურო მდგომარეობა და ამის შემდეგ, ხელახლა დაიწყო ფიქრი განვითარებაზე,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს მთავარი პრიორიტეტი სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

„ამ ეტაპზე, გადამწყვეტია სოციალური სტაბილურობა. ჩვენ პირველ რიგში, ჰუმანიტარული რისკები უნდა ავირიდოთ. ამავდროულად, უნდა დავაზღვიოთ და დავეხმაროთ ბიზნესს, რათა იქაც ავირიდოთ კრიზისები, როგორიც არის გაკოტრება და ასე შემდეგ. სწორედ ესაა პირველი რიგის ამოცანა. ამის გამო, ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს ტრადიციულ ბალანსზე მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს. პირიქით, ამჯერად, მეტი აქცენტი სოციალურ მიმართულებაზე გავაკეთეთ და მას მივანიჭეთ პრიორიტეტი. ამასთან ერთად, დავიწყეთ თანხების მობილიზება და ვალის, შესაბამისად, დეფიციტის გაზრდაც. თუმცა, კიდევ გიმეორებთ, ეს ბიუჯეტი იმიტომ არის კრიზისული, რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტი არსებობდეს ქვეყანაში წლების განმავლობაში. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ სტაბილურობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ბიუჯეტს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.