მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიბო ჯგუფის დირექტორმა ინვესტორები მოატყუა" - "მეტრო ჰოლდინგი" სასტუმრო "ლეგენდას" საქმეზე განმარტებას აკეთებს

625db59add530
თამთა ჯიჯავაძე
18.04.22 22:55
4841
ბათუმში გასული კვირის განმავლობაში სასტუმრო „ლეგენდას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც - 1000-მდე დასაქმებული, კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვდა. ცნობისთვის, სასტუმრო „ლეგენდა“ „მეტრო ჰოლდინგში“ შემავალი ერთი-ერთი კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს, შესაბამისად „მეტრო ჰოლდინგს“ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოვკითხეთ.

ჰოლდინგის განმარტებით, სასტუმრო „ლეგენდა“ შპს „დიბო ჯგუფს“ იჯარის უფლებით აქვს გადაცემული. თავის მხრივ „დიბო ჯგუფი“ დუბაიდან ჩამოსულმა ინვესტორმა/ინვესტორთა ჯგუფმა ქართველ პარტნიორთან ერთად დააფუძნა, რის შემდეგაც მრავალწლიანი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა „მეტრო ჰოლდინგთან“ სასტუმრო „ლეგენდასთან“ დაკავშირებით. როგორც ჰოლდინგში განმარტავენ, მოგვიანებით დაიგეგმა მათთვის ბათუმში მდებარე სასტუმრო „ეიფორიის“ გადაცემაც.

„რამდენიმეთვიანი პარტნიორობის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამავე კომპანიის დირექტორი ნადავ საპირი კომპანიის რეალურ ინვესტორს (ინვესტორთა ჯგუფს) უქმნიდა არასწორს წარმოდგენას საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ და საკუთარი „კავშირების“ დემონსტრირებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო ინვესტორთა მოტყუებითა და გამოყოფილი ინვესტიციების არასათანადო განკარგვით.

აღნიშნულის შედეგად, „მეტრო ჰოლდინგი“ იძულებული გახდა უარი ეთქვა შპს „დიბო ჯგუფთან“ პარტნიორობაზე, კომპანიამ დაუყონებლივ შეწყვიტა მოქმედი კონტრაქტი და მიმართა სასამართლოს დარღვეული უფლებების დაცვისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ვინაიდან ამ პერიოდისთვის შპს „დიბო ჯგუფს“ შეწყვეტილი ჰქონდა დაფინანსება ინვესტორისგან, ამავდროულად „მეტრო ჰოლდინგის“ მოთხოვნის საფუძველზე გავრცელდა შეზღუდვა კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე, კომპანიას არ გააჩნდა რეალური ფინანსური სახსრები საიჯარო ურთიერთობის გაგრძელებისათვის. პარალელურად, შპს „დიბო ჯგუფმა“ სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზებით უარი განაცხადა სასტუმრო „ეიფორიის“ გადაბარებაზე და მოახდინა ნარატივის ტირაჟირება, თითქოს მეტრო ჰოლდინგს არ სურდა სასტუმროს იჯარით გაცემა (განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საუბარია პოსტპანდემიურ პერიოდზე, მაშინ როდესაც სასტუმროთა დატვირთულობა 2% არ აღემატებოდა, ხოლო „მეტრო ჰოლდინგი“ სასტუმროს იჯარით გაცემის შემთხვევაში მიიღებდა მრავალწლიან გარანტირებულ შემოსავალს), ამავე საფუძვლით მიმართა სასამართლოს და სასამართლოს შეცდომაში შეყვანის გზით მოახდინა „მეტრო ჰოლდინგის“ ძირითად აქტივების დაყადაღება, რის უსაფუძვლობაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე დადასტურდა“, - აცხადებენ ჰოლდინში და განმარტავენ, რომ „დიბო ჯგუფმა“ შექმნილი ვითარების გამო, სასტუმრო „ლეგენდა“ მიატოვა, შესაბამისად, ასანაზღაურებელი დარჩა, როგორც მეიჯარის, ასევე ქვეკონტრაქტორებისა და დასაქმებულთა დავალიანებები, - „კომპანიის დირექტორმა, ნადავ საპირმა ინვესტორთა აქტივების თვითნებური განკარგვით, მიზანმიმართული/მცდარი მენეჯმენტის საფუძველზე დააზარალა როგორც „მეტრო ჰოლდინგი“, ასევე საკუთარი ინვესტორი. აღნიშნულის საფუძველზე, ინვესტორმა უარი განაცხადა მხარეთა შორის დაგეგმილ მრავალწლიან პარტნიორობაზე.

გარდა იმისა, რომ ზემოხსენებულით ზიანი მიადგა უშუალოდ „მეტრო ჰოლდინგს“, ნადავ საპირის ქმედებები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის იმიჯს, საერთაშორისო არენაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ მოხერხდა ინვესტორის დაზღვევა ადგილობრივი „ზემოქმედი ფაქტორებისგან“, თუმცა ის დღემდე ცდილობს დარღვეული უფლებების დაცვას და მიმართავს ყველა ქმედით/კანონიერ გზას აღნიშნულის მისაღწევად, ინვესტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნადავ საპირის მიმართ უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გარდა ამისა, სამართალდამცავ უწყებებს მიმართა ასევე „მეტრო ჰოლდინგმა“, ნადავ საპირისა და კომპანიის მეწილის ზოჰარ საპირის (ნადავ საპირის შვილის) მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის - მეტრო ჰოლდინგის აქტივების ყადაღისგან გათავისუფლების მიზნით კომპანიისგან ათობით მილიონი დოლარის მოთხოვნის ფაქტზე.

საქმიანობის დაწყების ეტაპზე, ინვესტორთა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კერძო საკუთრების დაცულობა, სამართლიანი სასამართლო, ხელსაყრელი საგადასახადო რეგულაციები, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, სტრატეგიული მდებარეობა და ის განსაკუთრებულობა, რომელიც კონკრეტულმა ქვეყანამ შეუძლია შესთავაზოს ინვესტორს. წინამდებარე გამოცდილებით, ინვესტორს - ჩვენმა ქვეყანამ, ნადავ საპირისა და მისი თაღლითური სქემის წყალობით მხოლოდ დაკარგული აქტივები და დარღვეული უფლებები შესთავაზა. ცხადია ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული საკითხის სამართლებრივი მხარე, თუმცა „მეტრო ჰოლდინგი“ არ იშურებს ძალისხმევას, შესაძლებლობების ფარგლებში აღმოუჩინოს დახმარება შპს „დიბო ჯგუფის“ მიერ დაზარალებულ დასაქმებულებს, ქვეკონტრაქტორებს და მათ შორის შპს „დიბო ჯგუფი“-ს ინვესტორსაც“, - განმარტავენ „მეტრო ჰოლდინგში“.

ცნობისთვის, ჰოლდინგის სასტუმროებში - „ლეგენდაში“, „ეიფორიასა“ და „ინტურისტში“ პანდემიის პერიოდში საკარანტინე სივრცეები იყო განთავსებული.