02.ოქტომბერი .2019 11:43

"დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ვერ იქნება მხოლოდ ჯიპების ქალაქი"

views 18574
უკან

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ვერ იქნება მხოლოდ ჯიპების ქალაქი,- ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად ისმენს წუხილს ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როცა ამ პროექტის განხორციელებისას ადამიანებს დისკომფორტი ექმნებათ მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით ან სხვა მიმართულებით. თუმცა, კალაძე ამბობს, რომ სხვანაირად შეუძლებელია და “სხვანაირად საქმე არ კეთდება”.

“რამდენიმე დღის წინ იყო სოციალურ ქსელში დისკუსია, რომ სააკაძის მოედანზე გაკეთდა ველობილიკი და არავინ სარგებლობს, ავტომობილს ვერ ვაყენებთ და ა.შ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ვერ იქნება მხოლოდ ჯიპების ქალაქი. თბილისი აუცილებლად იქნება ფეხით მოსიარულეების ქალაქი, აუცილებლად იქნება ველობილიკები გაკეთებული, რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც იქნება შესაძლებელი მოძრაობა, თუმცა, პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

სხვანაირად შეუძლებელია. ის პრეტენზიები, რომ მანქანას ვერ ვაყენებ... ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ საერთაშორისო ქვეყნების მაგალითზე. მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი არის, მაგრამ სხვანაირად საქმე არ კეთდება. ყველას გვინდა, რომ რეფორმა განხორციელდეს, მაგრამ როცა ვიწყებთ განხორციელებას და ეხება ადამიანს, რომელიც დისკომფორტის ზონაში უნდა გადავიდეს, იწყება მაშინვე, რომ "რას აკეთებენ", "აზრზე არ არიან" და ა.შ.”,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, არ არსებობს რეფორმები, რომლითაც ყველა იქნება კმაყოფილი.

“მთავარია სწორი პროექტები განვახორციელოთ”,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა