მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი შვიდეული" რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს მარტში გადახედავს

63ce43eb57e31
გიორგი თოლორდავა
23.01.23 12:41
539
„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს მარტში გადახედავენ, ანუ დაგეგმილზე ერთი თვით გვიან.

სანქციის ინიციატორების განმარტებით, ფასის ლიმიტის ეკონომიკური ეფექტის სათანადოდ შესაფასებლად დამატებით პერიოდია საჭირო, რის გამოც G7 განხილვის თარიღს ერთი თვით გადაწევს. კომიტეტის შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ლიმიტი უცვლელად, 60-დოლარიან ნიშნულზე დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ ერთდროულად ამოქმედდა ორი შემზღუდავი ზომა: რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგო და "დიდი შვიდეულის" ფასის ლიმიტი. ორივე მათგანზე დასავლელი ლიდერები თითქმის 6 თვის განმავლობაში მსჯელობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ყველაზე მკაცრი სანქციაა.

ფასის ლიმიტის იმას გულისხმობს, რომ აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ავსტრალია ბარელ Urals-ში 60 დოლარზე მეტს აღარ გადაიხდიან, დასავლურ კომპანიებს კი აღნიშნულ ფასზე ძვირად შეძენილი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერებისთვის მომსახურების გაწევა ეკრძალებათ, რაც იმას გულისხმობს, რომ რუსეთი დასავლეთის ბაზარზე ნავთობს 60 დოლარზე ძვირად პრაქტიკულად ვეღარ გაყიდის.

ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში რუსეთის უმთავრეს სარეალიზაციო ბაზრად აზიის რეგიონი, კერძოდ, ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი იქცა, ზემოხსენებული სახელმწიფოები კი ბარელ Urals-ში ისედაც 60 დოლარზე ნაკლებს იხდიდნენ, მიუხედავად საერთაშორისო ბირჟაზე Brent-ის ფასის 90-დოლარიან ნიშნულამდე გაზრდისა.

ამჟამად საერთაშორისო ბირჟაზე Urals-ის ფასი სწორედ 60 დოლარს შეადგენს, შედარებისთვის, ბარელი Brent-ის ფასი 87 დოლარის ფარგლებშია, WTI კი 81 დოლარად ივაჭრება.

ემბარგოსა და ლიმიტის დაწესებით მხოლოდ ორი რამ იცვლება: დასავლეთი სრულად ხდება დამოკიდებული OPEC-სა და ალტერნატიულ მიმწოდებლებზე; რუსეთი კი - აზიურ ბაზარზე.

რაც შეეხება თავად 60 დოლარს, რატომ გადაწყდა ლიმიტის სწორედ ამ ნიშნულზე განსაზღვრა? - ამ შეკითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია, ეს ნავთობის ბაზრის ბუნებრივი წონასწორობის წერტილია, ათწლიან ჭრილში ბარელი ნავთობის საშუალო ფასი სწორედ 60 დოლარია, დასავლელი კანონმდებლები კი ცდილობენ, რომ სანქციებით ენერგეტიკული ბაზარი წონასწორობის წერტილს დაუბრუნონ და კოვიდპანდემიისა თუ ომის ფაქტორები მაქსიმალურად გაანეიტრალონ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Urals-ის საშუალო ფასი ბოლო ათწლეულში 60 დოლარი იყო, შესაბამისად, მისი ამ ნიშნულზე დაბრუნება რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრ შემცირებას და ეკონომიკის ჩამოშლას ვერანაირად ვერ გამოიწვევს.