მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დირექტორებთან კონტრაქტის შედგენისას გაცილებით ყურადღებით უნდა ვიყოთ“ - ახალი კანონი

61dc4c8a639ca
სალომე ჭიპაშვილი
10.01.22 19:12
2401
2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ბიზნესსამართალში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა, მათ შორის უმთავრესი განახლებული "მეწარმეთა შესახებ კანონია", რომელიც პარლამენტმა გასული წლის აგვისტოში დაამტკიცა. განახლებული კანონის მიღება ევროკავშირში მოქმედ ნორმებთან ჰარმონიზებით იყო განპირობებული.

„მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონზე გადაცემა "საქმიან დილაში" დავით კლდიაშვილის რუბრიკაში დღეს იურიდიული ფირმა FLS-ის პარტნიორმა ლაშა ცერცვაძემ ვრცლად ისაუბრა და მათ შორის ის სიახლე გამოყო, რომლის თანახმად, ახალი კანონი საშუალებას აძლევს სასამართლოს, გარკვეულ შემთხვევებში, თავად დანიშნოს კომპანიის დირექტორი ანუ ხელმძღვანელი.

„ეს ნამდვილად საინტერესო ცვლილებაა, რადგან ხშირად იქმნება გამოუვალი მდგომარეობა, როდესაც პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ დირექტორის დანიშვნაზე, რასაც ხშირად კომპანიის ლიკვიდაციაზე წასვლა ახლავს. დღეის მდგომარეობით, კანონი, როგორც შპს-სთვის (43-ე მუხლი), ასევე სააქციო საზოგადოებისთვის (204-ე მუხლი), შესაძლებლობას იძლევა, სასამართლომ განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომპანიაში დირექტორი დანიშნოს”, - აცხადებს ლაშა ცერცვაძე.

"მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით სასამართლოს აქვს უფლება, პარტნიორების მიერ წარდგენილი დირექტორის კანდიდატურა არ დაადასტუროს და თავად დანიშნოს ახალი დირექტორი. ახალ კანონში არსებული ჩანაწერით, კრედიტორსაც აქვს უფლება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს განცხადებით.

აღსანიშნია, რომ ახალ სამეწარმეო კანონში დირექტორის ცნება აღარ გვხვდება. მის ნაცვლად კი გაჩნდა ტერმინი - ხელმძღვანელი ორგანო/ხელმძღვანელი პირი. სიახლეს წარმოადგენს ასევე სასამსახურო ხელშეკრულება და ასეთ ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები. სიახლეა ისიც, რომ თუ სასამსახურო ხელშეკრულებაში არ არის მოცემული ინფორმაცია ხელმძღვანელი პირის საქმიანობის ანაზღაურების შესახებ, ივარაუდება, რომ იგი თავის საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებს.

"აქედან შეგვიძლია მარტივად გამოვიტანოთ დასკვნა, რომ კანონმდებლის ინიციატივაა რაც შეიძლება კვალიფიციური კადრები მოვიდნენ დირექტორის/ხელმძღვანელის პოზიციაზე. ეს ჩვენთვისაც, იურისტებისთვისაც მინიშნებაა, რომ დირექტორებთან ხელშეკრულების შედგენისას გაცილებით ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით წყდება თავიდან ბოლომდე მასთან ურთიერთობა", - განაცხადა იურიდიული ფირმა FLS-ის პარტნიორმა.