მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დისკრიმინაციული მიდგომებია ადგილობრივი წარმოების მიმართ"- ფარმაცევტული ბიზნესი

5f5252174109d
ინგა მურუსიძე
04.09.20 18:40
894
ფარმაცევტული ბიზნესი GMP სტანდარტებზე გადასვლის გადავადებას ითხოვს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ბიზნესმა ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

საკითხზე ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში „ანალიტიკა“ ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან გოგიბერიძემ ისაუბრა:

„GMP-ს სტანდარტის გადავადება ვინმესთვის იდეაფიქსი არ არის. ყველა ვთანხმდებით, რომ ჯიემპის სტანდარტის დანერგვა საქართველოში აუცილებელია, ოღონდ ეს არ უნდა იყოს შოკური თერაპიის მსგავსი და ამან არ უნდა გამოიწვიოს კოლაფსი. გასათვალისწინებელია ის, რომ დღვანდელმა სიტუაციამ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადგილობრივი წარმოებები და ადგილობრივი წარმოების მედიკამენტები. დღესაც გართულებულია მედიკამენტების როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ასე გაგრძელდა, იმპორტი მნიშვნელოვნად შეიზღუდება და დავრჩებით ადგილობრივი მწარმოებლების იმედზე. ამასობაში სახელმწიფოს მხრიდან ვხედავთ, რომ ზღუდავს წარმოებების განვითარებას“, - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.

ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ადგილობრივი მწარმოებლების მიმართ მიდგომა დისკრიმინაციულია.

„ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება, რომელსაც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ითხოვენ, არ მოეთხოვება იმპორტირებულ მედიკამენტებს, დისკრიმინაციულ მიდგომებს აქვს ადგილი ადგილობრივი წარმოების მიმართ. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ის სტანდარტი, რომლის დაკმაყოფილებასაც ითხოვენ, სახელმწიფო ენაზე არ არის ნათარგმნი, არ არის დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურის მიერ, ანუ, მწარმოებლებს ვთხოვთ ისეთი რაღაცის დანერგვას, რაც ფაქტიურად სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული არ არის“, - ამბობს გოგიბერიძემ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვას იმის შესახებ, რომ ფარმაცევტული კომპანიები 2011 წლიდან არიან ინფორმირებული აღნიშნული სტანდარტების შესახებ და მათი შესრულება აუცილებელია, ფარმაცევტული ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში თავად სახელმწიფოსაც არაფერი გაუკეთებია.

„მე პირიქით მინდა ვკითხო სამინისტროს - როდის დაიწყო ინსპექტორატის ჩამოყალიბება? როდის გადაიდგა პირველი ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან GMP-ს სტანდარტების დანერგვისთვის? რატომ არ არის სახელმწიფო ენაზე ნათარგმნი სტანდარტები? დოკუმენტი განთავსებულია ევროკავშირის საიტზე, თარგმნა პრობლემა არ არის, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტი. როცა ამბობენ, რომ სტანდარტზე საუბარი იყო 2011 წლიდან, მთავრობის დადგენილებაში გარკვევით ეწერა, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და რა მთავრობამ.

ბიზნესმა ნაბიჯები უკვე გადადგა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. რა თქმა უნდა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს თანამშრომლობა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომლებმაც ჩვენი მწარმოებლების მიმართ სერიოზული შეღავათები დააწესეს და ამისთვის მადლობას ვეუბნებით. ის, რომ მწარმოებლები არაფერს აკეთებდნენ და მიშვებული ჰქონდათ ეს თემა - სწორი არ არის“, - ამბობს გოგიბერიძე.