მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"DRG ჯერ სახელმწიფო კლინიკებში უნდა დანერგილიყო" - ვაჟა გაფრინდაშვილის შენიშვნები

63c7cff8c218a
მარიამ ვარადაშვილი
18.01.23 15:44
979
ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელით ტრავმატოლოგიაში ხარისხიანი მომსახურების გაწევის საშუალებას არ იძლევა. ამის შესახებ მან BMG-ს განუცხადა. 

სწორედ ამიტომ “მედიქლაბჯორჯიამ” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და, შესაბამისად, დაფინანსების ახალ მოდელზე უარი თქვა.

“თავად იდეა ძალიან კარგია, თუმცა დახვეწის გარეშეა გაკეთებული, რის გამოც დღევანდელ ვითარებაში, რთულად იმუშავებს. ჩემი აზრით, თავდაპირველად ეს სისტემა სახელმწიფო კლინიკებში უნდა დანერგილიყო. მაგალითად, მუხლის სხვადასხვა მოტეხილობის შემთხვევაში, ზოგჯერ იმპლანტები აუცილებელია, ეს საშუალებები იმპორტირებული და სხვადასხვა ხარისხისაა. ნოემბრამდე მაქსიმალურად ყველა ცდილობდა, გამოეყენებინა ხარისხიანი საშუალებები, რომელთაც ევროპულ ქვეყნებში შესაბამისი აღიარება აქვს. ახლა კი, ხარისხიანი იმპლანტის გაკეთება უკვე შეუძლებელია. ბევრნაირი პროდუქტია შემოსული, თუმცა უმრავლესობა გაურკვეველი წარმომავლობისაა და ხარისხი ნულს ქვემოთაა. სამინისტრო  ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც იქ გვითხრეს, 2018 წლის ფასები აქვთ აღებული და იქიდან საშუალო გამოიყვანეს. ამ წლის ფასების აღება არასწორია”, - ამბობს გაფრინდაშვილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვატია პრაქტიკულ საქმიანობას დროებით წყვეტს. „ოპერაციებს აღარ და ვეღარ გავაკეთებ“, - უთხრა მან BMG-ს. მიზეზი DRG სისტემის ამოქმედებაა. როგორც ლევან ჩიკვატია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ის მომხრეა ინოვაციის, მაგრამ DRG-ის ის ფორმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა, „დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის“.

“ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებით ანუ მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად და მორჩა!!!
შესაბამისად, მე - ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია, დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში”,-წერს ის Facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, პირველი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. 2023 წლის პირველ იანვრამდე განსაზღვრული იყო საშეღავათო პერიოდი, ხოლო 2023 წლის პირველი იანვრიდან სისტემა სრულყოფილად, საჯარიმო სანქციების ჩათვლით ამოქმედდა.